„ვადასტურებ, რომ განიხილება ჩემი კანდიდატურა სახალხო დამცველის პოზიციაზე”- ამის შესახებ „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა“ ასოციაციის თავმჯდომარე ანა ნაცვლიშვილმა განაცხადა. მისი თქმით, ის მზად არის გამოწვევა მიიღოს.
„ვადასტურებ, რომ განიხილება ჩემი კანდიდატურა სახალხო დამცველის პოზიციაზე. ძალიან სასიამოვნოა, რომ ჩემთვის საპატივსაცემო არაერთმა ადამიანმა და ჯგუფმა მომიაზრა ამ პოზიციაზე. მზად ვარ მივიღო ეს გამოწვევა და გადაწყვეტილების მიმღებ ორგანოს (პარლამენტს) თუ ფართო საზოგადოებას უფრო დეტალურად ვესაუბრო ჩემს ხედვებსა და მიზნებზე – შესაბამის ფორმატში“, – აცხადებს ანა ნაცვლიშვილი.
გავრცელებული ინფორმაციით, ოპოზიციური ფრაქციები სახალხო დამცველის კანდიდატურას პარლამენტს არასამთავრობო სექტორთან კონსულტაციების საფუძველზე წარუდგენს. არსებული ცნობით, განიხილება არასამთავრობო სექტორიდან რამდენიმე კანდიდატურა, მათ შორის ანა ნაცვლიშვილის და ვახუშტი მენაბდის.