ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

“პენსია საარსებო მინიმუმზე მეტია”: აკაკი ზოიძე საკუთარ ფრაზაზე განმარტებებს აკეთებს

პარლამენტის ჯანმრთელობისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძეს მედიაში, პენსიებთან დაკავშირებული სათაური არ მოეწონა და ამასთან დაკავშირებით კომენტარს აკეთებს.

„პრესაში გავრცელდა ჩემი კომენტარი – პენსია საარსებო მინიმუმზე მეტია, სამართლიანი გულისწყრომა გამოიწვია ბევრ ადამიანში, რომელთაც ჩათვალეს რომ მე, როგორც ხელისუფლების ერთ-ერთ წარმომადგენელს,  პენსიის დღევანდელი ოდენობა საკმარისად მიმაჩნია ადამიანის ნორმალური არსებობისა და ცხოვრებისათვის. იქვე, ტექსტშივე წერია, რომ არსებული პენსია არ არის საკმარისი და ჩვენ ძალიან გვინდა მისი გაზრდა. მინდა მკაფიოდ დავაფიქსირო:

პირველი –  ჩემი ღრმა რწმენით, ასაკობრივი თუ საბაზისო პენსიის დღევანდელი ოდენობა 180 ლარი,  არა თუ საკმარისი არ არის, არამედ მინიმალურადაც ვერ აკმაყოფილებს იმ საჭიროებებს, რომელიც გააჩნიათ ჩვენ ხანდაზმულ მოქალაქეებს და მით უმეტეს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს (მათ შორის ე.წ. მეორე ჯგუფის, რომელთა პენსიაც 100 ლარით განისაზღვრება), რომელთა ძირითადი, თუ ერთადერთი შემოსავალი პენსიაა. იმისათვის, რომ პენსიამ უზრუნველყოს საარსებოდ აუცილებელი მინიმალური საჭიროებები, პენსიის ოდენობა უნდა იყოს ქვეყანაში არსებული საშუალო ხელფასის 50-60% მაინც, ანუ 500-600 ლარი. მხოლოდ ამ შემთხვევაში შეიძლება დავიწყოთ საუბარი იმაზე, რომ პენსია ასრულებს იმ დატვირთვას რაც უნდა ქონდეს ღირსეული სიბერის უზრუნველსაყოფად.

მეორე – ჩემი სიტყვები „პენსია საარსებო მინიმუმზე მეტია” ნათქვამი იყო კონკრეტული კითხვის პასუხად, რომელიც ეხებოდა ვემხრობი თუ არა პარლამენტის წინ იმ დღეს გამართული აქციის მოთხოვნას, რომ პენსია გაუთანაბრდეს საარსებო მინიმუმს. საარსებო მინიმუმი არის კონკრეტული სტატისტიკური სიდიდე და საქსტატის მიხედვით, დღეს შეადგენს 168 ლარს. შესაბამისად, მე პასუხად გავეცი, რომ მოთხოვნის ასეთი ფორმით შესრულება არ იქნება სასურველი, რადგანაც 180 ლარი 168 ლარზე მეტია. ხოლო შემდეგ კი, როგორც უკვე ითქვა, დავამატე სიტყვები, რომ პენსიის გაზრდა ჩვენ ძალიან გვინდა და ამისათვის ვითხოვდით პენსიის ინდექსაციის (ანუ პენსიის ოდენობის მიბმა ეკონომიკური ზრდის და/ან ფასების ზრდის მაჩვენებლებთან) მექანიზმის შემოღებას. შესაბამისად, კითხვაზე ამ პასუხის გამოტანა ჩემი კომენტარის სათაურში – კონტექსტის და კითხვის გარეშე, რბილად რომ ვთქვათ, არაკორექტულად მიმაჩნია, თუ არაეთიკურად არა.

მესამე – პენსიის 600 ლარამდე გაზრდა ქვეყნის დღევანდელი შემოსავლების და დღევანდელი საპენსიო სისტემის პირობებში, სამწუხაროდ, შეუძლებელია – რადგან ამას დასჭირდება ქვეყნის ბიუჯეტის უმეტესი წილი და გამოიწვევს სახელმწიფოს ფინანსურ და ეკონომიკურ კოლაფსს. სწორედ ამ მიზანს ემსახურება ის საპენსიო რეფორმა, რომლის ავკარგიანობის განხილვაც ამჟამად საჯაროდ მიმდინარეობს. მხოლოდ სწორად ჩატარებული საპენსიო რეფორმა მოგვცემს იმისა საშუალებას, რომ ჩვენ შვილებს ქონდეთ ხელფასის ოდენობაზე და სტაჟზე დამოკიდებული რეალური პენსია და ღირსეული სიბერე, ხოლო დღევანდელი პენსიონერებისათვის კი, როგორც უკვე ზემოთ ითქვა, უნდა იყოს შემოღებული პენსიების ინდექსაციის – ზრდის სისტემა, რომელიც პენსიას ერთხელ და სამუდამოდ გამოიტანს პოლიტიკური სპეკულაციების განზომილებიდან და პენსიონერს ეცოდინება თუ როგორ და რა თანხით გაიზრდება მისი პენსია ყოველწლიურად ქვეყნის შემოსავლების ზრდის პარალელურად.

მინდა კიდევ ერთხელ დავადასტურო ჩემი ღრმა პატივისცემა ჩემი მშობლების თაობის და ჩემი იმ თანამემამულეების მიმართ, რომელთა შესაძლებლობებიც დღეს შეზღუდულია, გამოვხატო კიდევ ერთხელ მათდამი ჩემი გულწრფელი თანადგომა“, – ნათქვამია აკაკი ზოიძის განცხადებაში.

იტვირთბა....