ხათუნა ლაგაზიძე: “მღებრიშვილის შეცვლით პრემიერმა საზოგადოებრივ აზრს ხარკი გადაუხადა”
პოლიტოლოგი ხათუნა ლაგაზიძე დღეს პრემიერის მიერ მთავრობაში განხორციელებულ ცვლილებებს ეხმაურება. „მეტრონომთან“ ლაგაზიძე ამბობს, რომ მსგავსი ცვლილებები აუცილებელი იყო და ეს ხელისუფლების პლუსად შეიძლება ჩაითვალოს. მისი აზრით, კარგია ხელისუფლება თვითმმართველობის არჩევნების შედეგებით რომ არ დაბრმავდა და თვითკმაყოფილებაში არ ჩავარდა, რადგან, ადგილობრივი არჩევნების შედეგებიდან გამომდინარე, ანალიტიკოსის აზრით, შესაძლოა ხელისუფლებას მსგავს ცვლილებებზე არც ეფიქრა.
ლაგაზიძის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლების გადაწყვეტილება სწორი იყო, საინტერესოა, მაინდამაინც დღეს რატომ დადგა ამ ცვლილებების აუცილებლობა, როდესაც კალაძემ გუნდი უნდა წარადგინოს.
„ეს ცვლილებები, მაგალითად, ხვალაც შესაძლოა განხორციელებულიყო. როგორც ჩანს, ჩვენ „ქართულ ოცნებაში“ პასუხისმგებლობის და მიზიდულობის რამოდენიმე ცენტრს ვიღებთ. ამაში შემდეგ გარემოებას ვგულისხმობ. ბიძინა ივანიშვილი თვითმმართველობის არჩევნებში არ მონაწილეობდა. მან პასუხისმგებლობა არჩეულ მერებს გადააბარა. ამჯერადაც, ვფიქრობ, რომ იგივე პროცესთან გვაქვს საქმე და კვირიკაშვილმა ახალი გუნდით და ახალი მთავრობით, ხელისუფლების მართვის პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე აიღო. ამ თვალსაზრისითაც ბიძინა ივანიშვილის პასუხისმგებლობა შემცირდება. ამ ცვლილებებით, „ოცნებაში“ პასუხისმგებლობის ალტერნატიული ცენტრები ჩნდება. სწორედ ამას ვუკავშირებ ასეთ სწრაფ გადაწყვეტილებას.
ასევე, ძალიან საინტერესოა, ამ ფონზე გაჩნდება თუ არა „ოცნებაში“ მესამე პასუხისმგებლობის ცენტრი, პრეზიდენტის სახით და ვისი მხრიდან, ანუ რომელი ჯგუფის მხრიდან იქნება ეს კანდიდატი დასახელებული. ეს შეიძლება იყოს, როგორც კალაძის, ასევე კვირიკაშვილის გუნდიდან წამოსული კანდიდატი, ან საერთოდაც არ გამოვრიცხავ, იყოს სრულიად ახალი, მესამე ძალა, რომელიც მმართველ გუნდშივე ჩამოყალიბდება“ – ამბობს ლაგაზიძე „მეტრონომთან“.
პოლიტოლოგის აზრით, თუკი „ქართულ ოცნებაში“ პასუხისმგებლობის და მიზიდულობის რამდენიმე ცენტრი ჩნდება, კონკურენციაც იმატებს და ლაგაზიძის თქმით, მმართველობით გუნდში შიდაკონკურენცია კარგია, მითუმეტეს იმ ფონზე, როდესაც პოლიტიკური სპექტრის აქტიურობა სუსტია.
ლაგაზიძის აზრით, წარმოდგენილი ახალი მინისტრებიდან ყველაზე შთამბეჭდავი და კარგი ბიოგრაფია ახალი განათლების მინისტრობის კანდიდატს მიხეილ ჩხენკელს აქვს. თუმცა, მიუხედავად მისი შთამბეჭდავი განათლებისა, რამდენად აქვს ანალოგიური მენეჯერული გამოცდილება, სხვა საკითხია.
რაც შეეხება შინაგან საქმეთა მინისტრის შეცვლას, ვფიქრობ მღებრიშვილის უწყებას ბოლო ერთი წლის მანძლიზე იმდენი ხმაურიანი საქმე დაუკავშირდა, რომ მისი შეცვლით პრემიერმა საზოგადოებრივ აზრს გადაუხადა ხარკი“, – ამბობს ლაგაზიძე „მეტრონომთან“.
ავტორი: ელზა პაპოშვილი