საზოგადოებრივი კომუნიკაციების მართვის სპეციალისტი არჩილ გამზარდია “მეტრონომთან” საუბარში მთავრობაში განხორციელებულ სამთავრობო ცვლილებებს ეხმაურება. მისი თქმით, მთავრობაში ცვლილებები აუცილებელი იყო, თუმცა დღეს, ყველაზე დიდი პრობლემები სისტემურ ცვლილებებთან დაკავშირებით არსებობს. გამზარდიას განცხადებით, მსგავს ცვლილებებს ეფექტი იმ შემთხვევაში ექნება, თუ კი ეს ეპიზოდური და უწყებრივი გადაწყვეტილებები იქნებოდა. მისი აზრით, ისიც არ არის ცნობილი სისტემური ცვლილებების ფოკუსი ვისზე შეიძლება იქნას მორგებული. ამიტომ ეს არის ცვლილებები ცვლილებებისთვის.
“მე კითხვები გამიჩნდა, რატომ გახდა აუცილებელი და სასწრაფო ასეთი სამთავრობო ცვლილებები. განსაკუთრებით შინაგან საქმეთა მინისტრის შეცვლა რა საჭირო იყო, როდესაც ერთი კვირის წინ პრემიერი ამბობდა, რომ ამ სამინისტროში არანაირი პრობლემები არ არსებობს და შესაბამისად ცვლილებებიც არ იგეგმებოდა. შეკითხვები მიჩნდება, ამ ცვლილებების მოტივი რაში მდგომარეობს. ეს უფრო ყურადღების გადატანას ჰგაქვს. მგონია, რომ აქ შიდა ძალების გადანაწილებაზე საუბარი უფროა, ვიდრე წმინდა წყლის დარგობრივი მენჯმენტის კუთხით განხორცილებული ცვლილებები.
როგორც საკანონმდებლო ორგანოში, ასევე მთავრობაში გარკვეული პატარ-პატარა ჯგუფები ინაწილებენ ძალაუფლებას. რა თქმა უნდა, ეს ლოგიკურიც არის, მაგრამ ზუსტად ეს მოტივი შეიძლება ჩნდებოდეს, რომ აქ შიდა ძალების გადანაწილება ხდება. ძალოვანი მინისტრის ჩანაცვლება, ეს სერიოზული ამბავია. პრემიერი ერთი კვირის წინ ამბობდა, რომ მღებრიშვილის შეცვლას არ აპირებდა და დღეს აღმოჩნდა, რომ შეცვალა. მემგონი ამას სერიოზული ახსნა სჭირდება”, – განაცხადაა გამზარდიამ “მეტრონომთან”.
მისი თქმით, შინაგან საქმეთა მინისტრის კანდიდატი გიორგი გახარია არ არის ძალოვანი სტრუქტურიდან და მას ამ სისტემაში მუშაობის გამოცდილება არ აქვს. შესაბამისად, მისთვის ამ სფეროში მუშაობა რთული იქნება. გამზარდიას აზრით, გახარიას მინისტრობის სიძლიერე ორ ფაქტორზე არის დამოკიდებული, პირველი – მისი ზურგი რამდენად მყარია და უკან ვინ უდგას და ასევე, რამდენად ყოჩაღი იქნება და სისტემაში არსებულ გამოწვევებს რამდენად სწორად გაუმკლავდება.
გამზარდიას აზრით, გახარიას მინუსი ის არის, რომ ის გახდა იმ სამინისტროს ხელმძღვანელი რომლის დარგობრივ სპეციფიკაში გარკვეული არ არის. თუმცა, მეორე მხრივ, მისი პლუსი ის არის, რომ მას გარკვეული კუდები არ აქვს და რაღაცეებში გასვრილი არ არის. თუმცა ანალიტიკოსის განცხადებით, ყველაზე დიდი რის-ფაქტორები სწორედაც რომ ამ სისტემაში არსებობს.
“მიმაჩნია, რომ ძალოვან სტრუქტურას უფრო ის ადამიანი უნდა ხელმძღვანელობდეს, რომელიც ამ სპეციფიკაში ერკვევა და ნამუშევარია. ძალოვანი სტრუქტურა საქართველოში მაინც სახიფათოა.
ძალიან გამიკვირდა ქუმსიშივილის უკან ეკონომიკის მინისტრად დაბრუნება და რაღა დაგიმალოთ, საერთოდ სამთავრობო გუნდში მისი დარჩენა. რაც შეეხება რკინიგზის დირექტორის ფინანსთა მინისტრად გადაყვანას, მე რაც ვიცი, რკინიგზასთან მიმართებაში ბევრი შენიშვნები და პრობლემები არსებობს. ამ ადამიანის დიდად მადლიერი არავინ ყოფილა. რამდენადაც ვიცი, რკინიგზის მუშაობა ბევრად უფრო დამძიმდა. თუ ამას ავიღებთ ორიენტირად, ჩემთვის კიდევ უფრო გაუგებარი ხდება ეს გადაწყვეტილება”, – ამბობს გამზარდია “მეტრონომთან”.
ავტორი: ელზა პაპოშვილი