ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

კალაძე დღეს იწყებს: ვინ მოჰყავს ყოფილ ვიცე-პრემიერს მოადგილეებად

კახა კალაძე, თბილისის მერის მოვალეობის შეასრულებას დღეს შეუდგა. ის მერიაში უკვე მივიდა და ჩვენი ინფორმაციით, ახალი გუნდის წევრებსაც დღესვე წარადგენს.  თავად კალაძეს ჟურნალისტებთან არ დაუკონკრეტებია როდის გააკეთებს  მერიაში საკადრო ცვლილებების შესახებ განცხადებს.

რამდენადაც „პრაიმტაიმისთვის“ ცნობილი ხდება ახალი მერის მოადგილეები იქნებიან: ირაკლი ხმალაძე, მაია ბითაძე, ნათია ჭელიძე და ირაკლი ბენდელიანი.

ირაკლი ხმალაძე კახა კალაძის მოადგილე იყო ენერგეტიკის სამინისტროში, მაია ბითაძე კი – გარემოს დაცვის მინისტრის მოადგილე. ადგილობრივი არჩევნების დროს ისინი კალაძის საარჩევნო შტაბის წევრები იყვნენ. სწორედ მათ მოამზადეს თბილისის ურბანულ და ეკონომიკურ განვითარებასთან დაკავშირებული და ეკოლოგიური მიმართულების პროგრამები.

ოფისის დაკავებამდე რამდენიმე დღით ადრე კახა კალაძემ თქვა, რომ მას ძლიერი და პროფესიონალი გუნდი ეყოლება:

„მთავარი ჩემი გუნდისთვის არის პროფესიონალიზმი, კომპეტენტურობა და პატიოსნება. საკმაოდ მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელება მოგვიწევს და ვდგავართ სერიოზული გამოწვევების წინაშე. ამისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ძლიერი გუნდი, ცენტრალურ ხელისუფლებასთან კარგი ურთიერთობა და საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებთან ურთიერთობის კარგი გამოცდილება. ეს ყველაფერი გვაქვს და დარწმუნებული ვარ, მოვახერხებთ და გავაკეთებთ იმ პროექტებს, რომელიც წინასაარჩევნოდ გაჟღერდა“.

სხვა კადრებთან ერთად, ცვლილებები შეეხებათ საზოგადოებასთან და მედიასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელ პირებსაც. კერძოდ, კახა კალაძის პიარსამსახურს ეკა ჯოჯუა ჩაიბარებს, პრესსამსახურს კი მანანა თოქმაჯიშვილი უხელმძღვანელებს.

რაც შეეხება თბილისის მერიის პრესსამსახურის უფროსს ნონა ყანდიაშვილს ის საქმიანობას დედაქალაქის საკრებულოში გააგრძელებს. „პრაიმტაიმის“ ინფორმაციით, ყანდიაშვილი საკრებულოს პიარსამსახურს უფროსი იქნება.

რაც შეეხება სხვა ცვლილებებს, მედიაში ბევრი ინფორმაცია ვრცელდება. ითქვა, რომ დავით ნარმანიას მოადგილეებიდან და გუნდიდან პოსტს მხოლოდ ირაკლი ლექვინაძე შეინარჩუნებს.

„იმედის“ ცნობით, თბილისის ყოფილი მერის დავით ნარმანიას მოადგილე ირაკლი ლექვინაძე აცხადებს, რომ კახა კალაძესთან სხვადასხვა პროექტებსა და საკითხებზე კონსულტაციები ჰქონდა, თუმცა, კონკრეტულად მის გუნდში მუშაობაზე საუბარი არ ყოფილა.

ლექვინაძისთვის უცნობია, რა სახის საკადრო ცვლილებები განხორციელდება დედაქალაქის მერიაში და რომელი მაღალჩინოსნები შეინარჩუნებენ თანამდებობას ახალი მერის მისვლის შემდეგ.

პრაიმთაიმი

იტვირთბა....