ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: მოხარულნი ვართ, რომ ევროკავშირმა პოზიტიური ანგარიში გამოაქვეყნა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტს, რომელშიც საუბარია საქართველოს მხრიდან ასოცირების შეთანხმების შესრულებაზე, ეხმაურება.

“მოხარული ვართ, რომ პოზიტიური ანგარიში გამოაქვეყნა ევროკავშირმა, სხვადასხვა მიმართულებით. სხვადასხვა მიმართულებაზეა აქ ყურადღება გამახვილებული, აღნიშნულია ის წინსვლა, რომელიც აქვს ჩვენს ქვეყანას, როგორც დემოკრატიული განვითარების, ასევე, ეკონომიკური განვითარების კუთხით. ჩვენთვის განსაკუთრებით საყურადღებო და მნიშვნელოვანია ის, რომ დადებითად შეფასდა ჩვენი საკონსტიტუციო რეფორმა და ხაზი გაესვა იმას, რომ ეს რეფორმა ეფუძნებოდა ისეთ პრინციპებს, როგორიცაა დემოკრატია, სამართლებრივი სახელმწიფო და ადამიანის უფლებების პატივისცემა. ეს არის ძალიან მაღალი შეფასება და ეს მაღალი შეფასება არის იმის დამსახურება, რომ ჩვენ ძალიან ხარისხიანი დოკუმენტი შევქმენით, ისეთი კონსტიტუცია, რომელიც უზრუნველყოფს გრძელვადიან პერსპექტივაში ჩვენს დემოკრატიულ განვითარებას და თავიდან აგვაცილებს ავტოკრატიის ნებისმიერ საფრთხეს გრძელვადიან პერსპექტივაში”,- აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

ასოცირების შეთანხმების შესრულების თაობაზე ევროკომისიის ანგარიში დღეს, 2017 წლის 10 ნოემბერს გამოქვეყნდა.

შეგახსენებთ, რომ დოკუმენტი მოიცავს პერიოდს 2016 წლის დეკემბრიდან 2017 წლის ბოლომდე. დოკუმენტში შეფასებულია საქართველოს მიერ ასოცირების შესახებ შეთანხმების ფარგლებში სხვადასხვა მიმართულებით განხორციელებული რეფორმების პროგრესი.

იტვირთბა....