საბერძნეთში მცხოვრები ქართველი ემიგრანტები სასამართლო დავისთვის ემზადებიან. საქმე ეხება ბერძნულ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, რომ მათ 85 წლის მოხუცი დაყაჩაღების მიზნით აწამეს.
სოფიო საკანდელიძე და სოფიო ფხაკაძე აცხადებენ, რომ როდესაც ეს დანაშაული მოხდა ბერძენ სამართალდამცავებს ისინი სხვა ბრალდებით ჰყავდათ დაკავებული. მათი თქმით, იმის გამო რომ მათი სახელი მძიმე დანაშაულს დაუკავშირეს მათ პრობლემები ექმნებათ როგორც სამუშაო ადგილებზე, ასევე ბინის მეპატრონეებთან და ქუჩაშიც.
ემიგრანტების ჯგუფი საბერძნეთში საქართველოს დიპლომატიურ მისიას უყურადღებობაში ადანაშაულებს.
ქართველებს ბრალდება არ დაუდასტურდათ და გაათავისუფლეს. ემიგრანტები მედიისგან საჯარო ბოდიშის მოხდას ითხოვენ.
შეგახსენებთ, რომ საბერძნეთში მცხოვრები 8 ქართველი პოლიციამ ქურდობისა და ქურდობის მცდელობის ბრალდებით 18 ოქტომბერს დააკავა, 85 წლის მოხუცის წამების ფაქტი კი 27 ოქტომბერს მოხდა. მძარცველები ხანდაზმულ პირებთან მიდიოდნენ, საგადასახადო სამსახურის თანამშრომლებად ეცნობოდნენ, შემდეგ კი ჯგუფის სხვა წევრებს ატყობინებდნენ.