ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა სამართალი

შსს ოზურგეთში მერობის დამოუკიდებელი კანდიდატის წარმომადგენლის გაუჩინარებას არ ადასტურებს

ოზურგეთში, მერობის დამოუკიდებელი კანდიდატის წარმომადგენელ გიორგი როყვას 10 საათზე მეტია ვერ პოულობენ, – ამის შესახებ ინფორმაციას ტელეკომპანია “რუსთავი 2” ავრცელებს.

ოჯახის წევრები ამბობენ, რომ მას პირადი მობილური ტელეფონი გამორთული აქვს და დაკავშირებას ვერ ახერხებენ.

მერობის დამოუკიდებელი კანდიდატის კონსტანტინე შარაშენიძის თქმით, გიორგი როყვამ მას უთხრა, რომ ემუქრებიან და აშანტაჟებენ.

„ჩვენ გვაქვს კონკრეტული მაგალითი, რომელიც შეეხება გიორგი როყვას, ჩემს მეგობარს, რომელიც გუშინ სამ საათამდე იყო ჩემი აქტიური მხარდამჭერი. უნდა ყოფილიყო სოფელ ოზურგეთის საარჩევნო უბანზე წარმომადგენელი. რომელიც სამი საათიდან ოთხ საათამდე იქნა დაშინებული, რომლისაც არა ერთი ფაქტი მაქვს მის მიერ გამოგზავნილი შეტყობინებით და სატელეფონო საუბრით დამტკიცებული. ამ ფაქტის შემდეგ  ეს ადამიანი გაქრა,“ – განაცხადა ოზურგეთის მერობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა კონსტანტინე შარაშენიძემ.

ზეწოლაში, ოზურგეთის მერობის დამოუკიდებელი კანდიდატის წარმომადგენლები, „ქართული ოცნების“ კანდიდატს ბეგლარ სიორიძეს ადანაშაულებენ.

ბეგლარ სიორიძის წარმომადგენლები კი გიორგი როყვას მიმართ მუქარასა და შანტაჟს გამორიცხავენ და ამბობენ, რომ  მომხდარს გამოძიება დაადგენს. სიორიძის შტაბში ამბობენ, რომ ეს არის დეზინფორმაცია, რომელსაც კონკურენტი შეგნებულად ავრცელებს.

“მეტრონომი” შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა, სადაც გიორგი როყვას გაუჩინარებას არ ადასტურებენ.

იტვირთბა....