თიანეთის ახლად არჩეული მერი თამაზ მეჭიაური “მეტრონომთან” აცხადებს, რომ რაიონის გამგეობაში და საკრებულოში თანამშრომლები მასობრივად შვებულებებში გადიან. მისი თქმით, ეს მათი მხრიდან მიზანმიმართული ქმედებაა, რათა მას უფლებამოსილების განხორციელებაში ხელი შეუშალონ.
მეჭიაური ამ ფაქტს საბოტაჟის მცდელობად აფასებს და ამბობს, რომ თუ საკრებულოს და გამგეობის თანამშრომლები ამ ქმედებებს არ შეწყვეტენ, ხალხის დახმარებით მათ ადეკვატურ პასუხს გასცემს. კონკრეტულად რას აპირებს, მეჭიაურმა ამ კითხვაზე პასუხის გაცემისგან თავი შეიკავა. თუმცა დასძინა, რომ ის თიანეთელებთან ერთად ამ პრობლემასაც გადალახავს.
“მომაწოდეს ინფორმაცია, რომ თიანეთის გამგეობის და საკრებულოს თანამშრომლები მასიურად შვებულებებში გადიან. როცა ხელმძღვანელი იცვლება მერიაში, მემგონი თანამშრომლების ასეთი ქცევა ნორმალური არ არის. ყველა მათგანს შვებულება უკვე ჰქონდა, რადგანაც წინასაარჩევნო პროცესში იყვნენ ჩართულები.
მაქვს ინფორმაცია, როგორ იხილავენ “ქართულ ოცნებაში” ვერსიებს, საკრებულოს უმრავლესობა ჩემს წინააღმდეგ როგორ გამოიყენონ. ისინი აპირებენ, რომ პროცესების პარალიზება მოახდინონ. თუმცა არ ვაპირებ კონკრეტულად ჯერჯერობით ვისაუბროთ. რა თქმა უნდა, მაქვს ამის საწინააღმდეგოდ ბერკეტები, უბრალოდ პროცესებს გაწელავენ და ბიუჯეტის დამტკიცებაში ხელს შემიშლიან. თუმცა მინდა გავაფრთხილო ეს ადამიანები, რომ თიანეთის მოსახლეობის დახმარებით, მათ წინააღმდეგობასაც გადავლახავ”,-აცახდებს მეჭიაური “მეტრონომთან”.