პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძის განცხადებით, ნარკოპოლიტიკის დეკრიმინალიზაციის კანონპროექტის მიხედვით, ნარკოტიკის მოხმარება რჩება დასჯადი, თუმცა, დადგენილი ოდენობის ფარგლებში დასჯის ფორმა იქნება ადმინისტრაციული და არა – საპატიმრო:
“ჩვენ დიდი იმედი გვაქვს, რომ შევჯერდებით. ჩვენ ბევრ კოლეგას, ისევე როგორც საზოგადოების ბევრ წევრს, არასწორი წარმოდგენა აქვს თუ რას ეხება ეს ცვლილებები, რომელიც არის შემოთავაზებული. ხშირ შემთხვევაში ჩვენს კოლეგებს ეშლებათ ლეგალიზაცია დეკრიმინალიზაციაში, რადგან სპეციალისტები არ არიან. ნარკოტიკის მოხმარება რჩება დასჯადი, უბრალოდ დასჯის ფორმა იქნება ადმინისტრაციული დადგენილი ოდენობის ფარგლებში და არა – საპატიმრო. კანონპროექტი არ გულისხმობს, რომ ამით ხდება მოხმარების წახალისება ან გასაღებაზე ზომების შემცირება. ეს საკანონმდებლო პაკეტი გარკვეული მიმართულებებით გულისხმობს გამკაცრებასაც. მაგალითად, სააფთიაქო ნარკომანია გაუტოლდება ნარკოტიკულ დანაშაულს, რაც ჩემი აზრით, გამოიწვევს მნიშვნელოვან პრევენციულ ეფექტს”,- განმარტა აკაკი ზოიძემ.
საქართველოს ნარკოპოლიტიკის ეროვნულმა პლატფორმამ და ხუთმა დეპუტატმა ნარკოპოლიტიკის დეკრიმინალიზაციის საკითხზე კანონპროექტი მოამზადა, რომლის განხილვაც პარლამენტში მომავალი კვირიდან იგეგმება.