ჯანდაცვის მინისტრ დავით სერგეენკოს განცხადებით, ნარკოპოლიტიკის დეკრიმინალიზაციაზე ფართო მსჯელობაა საჭირო და ამ მხრივ ჯანდაცვის სამინისტროს პოზიცია ბოლო პერიოდის განმავლობაში უცვლელია:
„როდესაც ჩვენ ვამბობთ, რომ ამას მართლაც კომპლექსური შესწავლა სჭირდება, რომ არ არის თვითმიზანი ვინმეს დასჯა, არამედ მიზანია ზიანის შემცირება – ჩვენი პოზიცია იგივეა და ეს არამც და არამც არ ნიშნავს, რომ ეს არის რაღაც გადაწყვეტილების თავიდან აცილების მცდელობა. ეს არის საკითხი, რომელზეც საჭიროა ფართო მსჯელობა, რომელიც ახლა მიმდინარეობს და გულწრფელად მჯერა, რომ საბოლოოდ ჩვენ მივიღებთ ისეთ შედეგს, რომელიც იქნება დაბალანსებული და მიმართული ზიანის შემცირებისკენ“, – განაცხადა სერგეენკომ.
საქართველოს ნარკოპოლიტიკის ეროვნულმა პლატფორმამ და ხუთმა დეპუტატმა ნარკოპოლიტიკის დეკრიმინალიზაციის საკითხზე კანონპროექტი მოამზადა, რომლის განხილვაც პარლამენტში მომავალი კვირიდან იგეგმება.