საბანკო და არასაბანკო საკრედიტო დაწესებულებები კრედიტის გაცემამდე ხშირად მიუთითებენ პოტენციურ მოვალეს, რომ სესხს გასცემენ მხოლოდ თავდების წარმოდგენის შემთხვევაში,- ამის შესახებ საადვოკატო ბიურო OK & CG ავრცელებს ინფორმაციას:
“თავდებობას საკრედიტო დაწესებულებები მიმართავენ, რადგან ამ შემთხვევაში იზრდება ვალდებულების შესრულების ალბათობა: იმის მიხედვით თუ რა სახის თავდებობაა თანხას გადაიხდის მოვალე ან/და თავდები.
თავდებობა შეიძლება იყოს ვადიანიც და უვადოც.
თავდებობის ხელშეკრულების ნამდვილობისათვის საჭიროა კანონით დადგენილი ფორმის დაცვა, კერძოდ თავდებობა უნდა დაიდოს წერილობითი სახით და მასში უნდა იყოს განსაზღვრული ის ზღვრული თანხა, რომლის ფარგლებშიც აგებს თავდები პასუხს ძირითადი ხელშეკრულების მოვალის ვალდებულებისათვის.
ერთმანეთისგან განსხვავდება სოლიდარული და სუბსიდიური თავდებობა.
თუ ხელშეკრულებით მხარეები განსხვავებულ წესზე არ შეთანხმდებიან მოქმედებს სუბსიდიური თავდებობის წესები, რაც გულისხმობს იმას, რომ თავდებისადმი მიმართვა მოვალის ვალდებულების შესრულების მიზნით შეიძლება მხოლოდ მას შემდეგ, რაც მოხდება ძირითადი მოვალის მიმართ იძულებითი აღსრულების განხორციელება (სასამართლოს გზით ვალდებულების შესრულების მოთხოვნა). წინააღმდეგ შემთხვევაში თავდებს შეუძლია უარი თქვას ვალდებულების შესრულებაზე.
თუ მხარეები ხელშეკრულებით შეთანხმდებიან, რომ თავდები კისრულობს ვალდებულებას სოლიდარულად, მაშინ კრედიტორს ექნება შესაძლებლობა, ძირითადი მოვალის მიმართ სასამართლო ღონისძიებების გატარების გარეშე მოსთხოვოს თავდებს მოვალის ვალდებულების შესრულება. ამ შემთხვევაში თავდები გარკვეულწილად უთანაბრდება მოვალეს.
თავდები უფლებამოსილია იყოს ინფორმირებული მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების, შესრულების ვადის გადაცილების შესახებ. კრედიტორი ვალდებულია აღნიშნული ინფორმაცია თავდების მოთხოვნისთანავე გასცეს, წინააღმდეგ შეთხვევაში იგი თავისუფლდება შესაბამისი ინფორმაციის მიუწოდებლობის გამო დამდგარი ზიანისაგან.”-ნათქვამია მასალაში.

