ახალი ამბები მთავარი სამართალი

ელჩი: საბერძნეთში დაკავებული საქართველოს 3 მოქალაქე სასამართლო პროცესამდე გათავისუფლდა

„საბერძნეთის სამართალდამცავ სტრუქტურებთან ყოველდღიური კომუნიკაციის შედეგად, საელჩოს აქვს დადასტურებული ინფორმაცია, რომ საქართველოს 3 მოქალაქე ქალბატონი, რომლებთან დაკავშირებითაც ქართული დიასპორის ზოგიერთი წარმომადგენელი წუხილს გამოთქვამდა, მხოლოდ სასამართლო პროცესამდეა გათავისუფლებული, თუმცა ბრალი არ მოხსნიათ”- ამის შესახებ საბერძნეთისა და სერბეთის რესპუბლიკებში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა იოსებ ნანობაშვილმა განაცხადა.

საქმე ეხება საბერძნეთში თაღლითობისა და ძარცვის ბრალდებით დაკავებულ საქართველოს მოქალაქეებს, რის შესახებაც ელჩი საგანგებო მიმართვას ავრცელებს:

„საბერძნეთის სამართალდამცავ სტრუქტურებთან ყოველდღიური კომუნიკაციის შედეგად, საელჩოს აქვს დადასტურებული ინფორმაცია, რომ საქართველოს 3 მოქალაქე ქალბატონი, რომლებთან დაკავშირებითაც ქართული დიასპორის ზოგიერთი წარმომადგენელი წუხილს გამოთქვამდა, მხოლოდ სასამართლო პროცესამდეა გათავისუფლებული, თუმცა ბრალი არ მოხსნიათ. საქართველოს საელჩოს საკონსულო სამსახურმა შესთავაზა საქართველოს მოქალაქეებს შეხვედრა და მათი საკითხის დეტალურად განხილვა, ველით მათგან შესაბამის რეაგირებას და კვლავ მზად ვართ შეხვედრისა და კომპეტენციის ფარგლებში დახმარებისთვის. ზემოხსენებული სამი ქალბატონის ფოტოების გავრცელებასთან და ამ პირების, ამავე პერიოდში ჩადენილ, სხვა დანაშაულთან დაკავშირების თაობაზე, გაცნობებთ, რომ საბერძნეთის შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში უზუსტობები არ აღმოჩნდა, შეცდომები დაშვებულია ინფორმაციის გავრცელებისას ზოგიერთი ბერძნული სააგენტოს მიერ და საქართველოს საელჩო მათთან აქტიურად მუშაობს ხარვეზების გამსოწორების მიზნით“, – ნათქვამია იოსებ ნანობაშვილის მიმართვაში.

ცნობისთვის, საბერძნეთში თაღლითობისა და ძარცვის ბრალდებით საქართველოს 8 მოქალაქე დააკავეს. ბერძნულ მედიაში გამოქვეყნდა, ათენის პროკურატურის მიერ გავრცელებული, დაკავებულების ფოტოები და ვინაობა. გამოძიების ინფორმაციით, დაკავებულები შემოსავლების სამსახურის წარმომადგენლებად ასაღებდნენ თავს და მოხუცი ადამიანების სახლებში შედიოდნენ, შემდეგ კი ამ სახლებს ძარცვავდნენ.

იტვირთბა....