ტელეკომპანია “პირველის” ეთერში, ჟურნალისტ ინგა გრიგოლიას გადაცემაში სტუმრად მიწვეულმა “სამართალდამცველთა რეფორმირების ცენტრის” წარმომადგენელმა ზვიად კუპრავა მოყვა დეტალებს თუ ვინ გაიყვანა და როგორ მოხდა ვანო მერაბიშვილის გაყვანა საკნიდან.
მისი თქმით, ერთ-ერთ ღამეს, მერაბიშვილის საკანი გააღეს მაშინდელმა ციხის უფროსმა ზურაბ თუთარაშვილმა და მისმა მოადგილემ, გამოიყვანეს მერაბიშვილი, გაიყვანეს მატროსოვის ციხის ეზოში და ჩასვეს მანქანაში. კუპრავას თქმით, ამის შემდეგ თუთარაშვილმა ის გადასვა მეორე ჯიპში, რომელშიც იჯდა სასჯელაღსრულების სამინისტროს სპეცსამსახურის სამმართველოს უფროსი იასონ მილაძე და სამინისტროს წარმომადგენელი გიორგი გულდიანი.
“ამის შემდეგ ის მიიყვანეს იქ სადაც მიიყვანეს და როგორც ცნობილია, მას იქ დახვდნენ ოთარ ფარცხალაძე და დიმა დარბაისელი და მერე უკვე საზოგადოებისთვის დანარჩენი ყველაფერი ცნობილია” – განაცხადა კუპრავამ.
შეგახსენებთ, 28 ნოემბერს სტრასბურგის სასამართლოს ზედა პალატამ საქართველოს ყოფილ პრემიერზე, ვანო მერაბიშვილზე გადაწყვეტილება უნდა მიიღოს. მედიაში აქტიურად ვრცელდება ინფორმაცია მისი ციხიდან გათავისუფლებასთან დაკავშირებით, რომელიც ახალ წლამდე უნდა მოხდეს.