თბილისის ახლად არჩეული მერი კახი კალაძე ყვითელ სამარშრუტო ტაქსებთან დაკავშირებით კომენტარს აკეთებს. მისი თქმით, კომპანიასთან, რომლის საკუთრებაშიც ეს სამარშუტო ტაქსები შედის, რეგულაციები არსებობს, თუმცა მისი აღსრულება არ ხდება. კალაძემ კომპანია „თბილისის მიკროავტობუსის“ ხელმძღვანელობას მოუწოდა, ნაკისრი ვალდებულებები პირნათლად შეასრულოს.
„ყვითელ სამარშრუტო ტაქსებთან დაკავშირებით რეგულაციები არსებობს, თუმცა მისი აღსრულება არ ხდება. ეს ჩემთვის კატეგორიულად მიუღებელია, რადგან უამრავი ადამიანი მგზავრობს ე.წ. ყვითელი სამარშრუტო ტაქსით, მას ყველაზე მეტი მგზავრი გადაჰყავს დღის განმავლობაში.
შესაბამისად, მგზავრებისთვის კომფორტის შექმნა არის ძალიან პრინციპული, ძალიან მნიშვნელოვანი და ის, რომ ზაფხულში კონდიციონერს არ რთავდნენ და ხალხი იხრჩობოდა, ვეღარ იქნება და აღარ იქნება- ეს დასრულდება. კეთილი ინებოს კომპანიამაც და მისმა ხელმძღვანელობამაც და ის რეგულაციები, რაც არის, აღასრულოს. მე რა თქმა უნდა, ამასთან დაკავშირებით მექნება შეხვედრები და კონკრეტულ ხედვებს გავაჟღერებ“, – განაცხადა კალაძემ.