თბილისის ახლადარჩეულმა მერმა კახა კალაძემ „თბილსერვის ჯგუფის“ ხელმძღვანელობას დასუფთავებისა და გადასასვლელების მოწესრიგების სამუშაოების დაწყება სთხოვა. დღეს ისინი ზოოპარკისა და ცირკის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ მიწისქვეშა გადასასვლელში ვითარებას ადგილზე გაეცნენ.
„მიწისქვეშა გადადასვლელებში არსებული მდგომარეობა კრიტიკას ვერ უძლებს. ძალიან მძიმე ვითარებაა. „თბილსერვისის“ ხელმძღვანელს მინდა ვთხოვო, რომ დღესვე დაიწყოთ სამუშაოების შესრულება – მორეცხვა, ელექტროგაყვანილობა და განათება, რადგან აღარაფერი არსებობს. ყველაფერი, რაც ადრე იყო, დაზიანებულია. შესაბამისად, ეს ყველაფერი მალე უნდა მოვიყვანოთ მწყობრში და მოქალაქეებს უნდა ჰქონდეთ შესაძლებლობა, რომ გადაადგილება კომფორტულად შეეძლოთ“, – განაცხადა კახა კალაძემ.
მისივე თქმით, აქვს ინფორმაცია, რომ ქალაქში ზოგიერთი მიწისქვეშა გადასასვლელი გასხვისებული, ან იჯარით არის გაცემული.
„ჩვენ არავის საკუთრებას არ ვეხებით, თუმცა მინდა გთხოვოთ, რომ ერთიანი სტარდარტი იქნეს შემუშავებული და ათი დღის განმავლობაში, სრული სურათი წარმოადგინოთ. ყველა ადამიანმა, მესაკუთრემ თუ ვისაც იჯარით აქვს გაცემული მიწისქვეშა გადასასვლელი, კეთილი უნდა ინებონ და ერთიან სტანდარტში უნდა მოიყვანონ არსებული მდგომარეობა. ბევრ კონკრეტულ ადგილზე მძიმე მდგომარეობაა და ეს ძალიან სწრაფად უნდა მოვაგვაროთ“, – აღნიშნა კახა კალაძემ.
ამასთან, არჩეულმა მერმა ახალგაზრდებს მიმართა და მიწისქვეშა გადასასვლელების მოხატვასთან დაკავშირებით, მათი ნიჭის გამოყენების შესაძლებლობაზე ისაუბრა.
„ბევრი ნიჭიერი ადამიანი გვყავს და ალბათ შევიმუშავებთ კონკრეტულ გეგმას, რომელიც ზოგადად, გვირაბების მოხატვას ეხება. შესაბამისად, მომდევნო დღეების განმავლობაში, როდესაც მიწისქვეშა გადასასვლელებზე სრული სურათი გვექნება, ახალგაზრდებს კონკრეტულ ადგილებს შევთავაზებთ, სადაც გვირაბების მოხატვა უნდა განხორციელდეს“, – განაცხადა ახლადარჩეულმა მერმა.
მისი თქმით, დედაქალაქში არსებულ მიწისქვეშა გადასასვლელებში არსებული ინფრასტრუქტურა დააზიანეს, რასაც მომავალში კონტროლს გაუწევენ. შესაბამისად, კახა კალაძემ „თბილსერვისის“ ხელმძღვანელ ლევან ჯღარკავას მიმართა, სამუშაოების განხორციელების დროს დროებითი პატრულირება გამოიყენონ.
„იყო გაკეთებული ეს ყველაფერი, თუმცა დაანგრიეს, გატეხეს, კამერები დააზიანეს და ა.შ. ამიტომ, გავაკეთოთ დროებითი პატრულირება. თუ დაგჭირდებათ გამოიყენეთ შინაგან საქმეთა სამინისტრო, რომელიც ყველაფერში დაგეხმარებათ, რადგან სანამ კამერების დამონტაჟებას დაიწყებთ, მოქალაქეები, რომლებიც ამას აკეთებენ, არ შემოვიდნენ და იგივე არ გაიმეორონ“, – მიმართა კახა კალაძემ ლევან ჯღარკავას.