უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის ნინო გვენეტაძის განცხადებით, ის კოლეგების მხრიდან “ძალადობის მსხვერპლია”. მისი თქმით, სწორედ ამის გამო, იუსტიციის საბჭოს სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა.
გვენეტაძე ამბობს, რომ მასზე საბჭოს წევრების მხრიდან ფსიქოლოგიური ზეწოლა ხდება. უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის თქმით, მისი კოლეგების პრეტენზიებზე პასუხს ის წერილობით გასცემს, რადგან ამ სხდომაზე აღარ შერჩა რესურსი სიტყვიერი განმარტებები აკეთოს.
სხდომის დასრულების შემდეგ ნინო გვენეტაძეს მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრმა ვახტანგ მჭედლიშვილმა კი განაცხადა, რომ დღევანდელი სხდომა იყო საბოტაჟი საბჭოს მოსამართლე წევრების მხრიდან.
შეგახსენებთ, რომ იუსტიციის საბჭოს სხდომა დღეს დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობდა. იუსტიციის საბჭოს წევრებმა გვენეტაძეს მიმართეს, რომ ნუ მოიქცევა ისე, თითქოს საბჭოს წევრები ვეზირები თავად კი მეფე იყოს.
საბჭოს წევრებმა თავმჯდომარისგან დაუყოვნებლივ ახსნა-განმარტება მოითხოვეს 34 მოსამართლის უვადოდ გამწესებასთან დაკავშირებით. სხდომაზე გაირკვა, რომ უზენაესი საბჭოს თავმჯდომარეს ნინო გვენეტაძეს ბრძანებისთვის ხელი ამ დრომდე არ მოუწერია.