ახალი ამბები მთავარი სამართალი

ე.წ. ციანიდის საქმის პროკურორი: სხდომის ოქმი ირაკლი ფირცხალავასთვის გადასაცემად სასჯელაღსრულების დაწესებულებაში დავტოვე

ე.წ ციანიდის საქმის პროკურორი ადასტურებს, რომ  საქმის დახურული სხდომის ოქმი ირაკლი ფირცხალავასთვის გადასაცემად ნომერ მეცხრე სასჯელაღსრულების დაწესებულებაში დატოვა. პროკურორი  ლაშა ფანჩულიძე აცხადებს, რომ  სხდომის ოქმი პროკურატურამ სასამართლოდან, მოწმე ირაკლი მამალაძეზე ზემოქმედების ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში გამოითხოვა. გარდა ამისა, როგორც პროკურორმა განმარტა, სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ფირცხალავასთვის გადასაცემად მან 5 დისკი მიიტანა.

პროკურორის განცხადებით, ამ დისკებიდან ორი იყო გამოძიების ეტაპზე მოწმე ირაკლი მამალაძის გამოკითხვა, 2 იყო იმ სასამართლო სხდომის ოქმი, სადაც ირაკლი ფირცხალავა ჩვენების მიცემაზე უარს ამბობს და მხოლოდ ერთი, მეხუთე დისკია 2017 წლის 1 აგვისტოს სასამართლო სხდომის ოქმი, ე.წ. ციანიდის საქმეზე და სადაც ჩაწერილია თავად ბრალდებულის ჩვენება.  მისი თქმით, სახელმწიფო ბრალდება ვალდებულია კანონმდებლობის თანახმად დაცვის მხარეს მტკიცებულებები გადასცეს.

ლაშა ფანჩულიძემ განაცხადა, რომ ვინაიდან მტკიცებულებები პენიტენციურ დაწესებულებაში ჩაბარდა, პროკურატურას ჰქონდა შესაბამისი გარანტიები, რომ დახურული სხდომის ოქმი არაუფლებამოსილ პირთან არ მოხვდებოდა.

ცნობისთვის, ირაკლი ფირცხალავას ინფორმაციით, ე.წ. ციანიდის საქმის დახურული სხდომის ოქმები არაუფლებამოსილი პირების ხელში მოხვდა. როგორც ფირცხალავამ აღნიშნა, მას ციხეში მიუტანეს სასამართლოს სხდომის ოქმები, რომელმაც ციხის თანამშრომლების ხელში გაიარა. ფირცხალავას თქმით, ოქმების გასაჯაროებისთვის პროკურატურა დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატებს და ჟურნალისტებს გამოკითხვაზე დაატარებენ, რეალურად კი პროკურორები არაუფლებამოსილ პირებს აძლევენ დახურულ ოქმებს.

იტვირთბა....