Gem Fest-ის დამფუძნებელი გიორგი სიგუა მერიის ყოფილი მაღალჩინოსნის, ქრთამის აღების ბრალდებით დაკავებული ოთო აბესაძის შესახებ სოციალურ ქსელში წერს:
”მახსოვს, ოთო სურათს რომ დადებდა, 400-500 ლაიქი უგროვდებოდა ერთ საათში. კომენტარებში გულები – ჩემი ძმა ხარ, მიყვარხარ, ვეცემი შენზე და ბლა ბლა ბლა. დღეს ის ამბავი გამახსენდა, ნიკა მელიამ მიჩქმიტაო რომ იძახდა და მაგაზე იყო სკანდალი. დავსერჩე, მეთქი ვინმეს თუ ახსოვს ოთო და ერთ კარგ სიტყვას მაინც წერს მასზე. თითქოს არც იცნობდნენ, თითქოს არც იცოდნენ მისი არსებობა და თითქოს არც იციან ვინ არის. დამნაშავეა, არაა დამნაშავე სხვა თემაა და სასამართლო გაარკვევს ალბათ. თუმცა მერიის შტატგარეშე თანამშრომელი მტკვარზე წესით ტივების მშენებლობებს ვერ უნდა აყომარებდეს imho. აბა ვნახოთ ოთოს რამდენი მეგობარი დაალაიქებს ან დააკომენტარებს ამ სტატუსს”, – წერს გიორგი სიგუა.
მერიის ყოფილი თანამშრომლის ოთარ აბესაძის ადვოკატის ირმა ჭკადუას განცხადებით,ქრთამის აღების ბრალდებით დაკავებული, მერიის ყოფილი თანამშრომლის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელი არაა, რასაც ექსპერტიზის შუალედური დასკვნაც მომწმობს.
“განცხადებაში, რომელიც ოთარ აბესაძის სახელით წარმოდგენილი იყო საბადრაგო სამსახურის მიერ, ის ამბობდა, რომ დღევანდელ სხდომაზე ფსიქოლოგიური მდგომარეობის გამო ვერ ცხადდებოდა და ის ენდობოდა ადვოკატებს. ჩვენ აუცილებლად დავინტერესდებით, თუ რამ განაპირობა აღნიშნული განცხადების გამოგზავნა, ვინაიდან ეს ჩვენთვის იყო სიურპრიზი. ჩვენ მოვინახულეთ რამდენიმე დღის წინ და კითხვებზეც კი ვიყავით შეთანხმებული, მოწმეები რომ მოსულიყვნენ. აქედან გამომდინარე, ჩვენ შევხვდებით ოთარ აბესაძეს. თუკი მას არ ექნება სურვილი არ დაესწროს პროცესს, ეს მისი უფლებაა. ამჟამად ჩვენ ზუსტად ვიცით, რომ მას აქვს პროცესში აქტიურად მონაწილეობის სურვილი. როდესაც ადამიანს გააჩნია მძიმე ფსიქოემოციური მდგომარეობა, ის არის არაადეკვატური და არ შეიძლება დავყრდნობოდით მხოლოდ და მხოლოდ ამ განცხადებას. ასევე მოსამართლემ მოუწოდა დაცვის მხარეს, ნუ აფიქრებინებს სასამართლოს, რომ ჩვენ გვსურს საქმის გაჭიანურება. ეს ასე ნამდვილად არ არის. ოთარ აბესაძე არის ის ადამიანი, რომელსაც ყველაზე მეტად ეჩქარება მისი საქმის განხილვა, მაგრამ უპირველესი არის მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა. თუკი ის არ იქნება კარგად, ვერც პროცესები ვერ წარიმართება”, – განაცხადა ჭკადუამ.

