ჟურნალისტური გამოძიებების საერთაშორისო კონსორციუმმა (ICJI) ბერმუდის კუნძულებზე მდებარე იურიდიული ფირმა Appleby-ს 7 მილიონ დოკუმენტზე მიიღო წვდომა. ინფორმაციას Paradise Papers ავრცელებს, რომლის მასალებშიც ნათქვამია, რომ აშშ-ის ვაჭრობის მინისტრ უილბუს როსს, სავარაუდოდ, რუსულ ნავთობქიმიურ ჰოლდინგ „სიბურთან“ საქმიანი ურთიერთობები აქვს.
მსგავსი დოკუმენტები მოიპოვა Panama Papers-მა, რომლის ცნობითაც, Appleby-ის მონაცემები 25 ათას ოფშორულ კომპანიას შეიცავს, ხოლო ოფშორებით სარგებლობენ ისეთი კომპანიები, როგორებიც არიან Apple და Facebook. დოკუმენტებში ასევე ფიგურირებს დიდი ბრიტანეთის დედოფალი ელისაბედ მეორეც.
ჟურნალისტურ გამოძიებაზე 67 ქვეყნის 381 ჟურნალისტი და 100-ზე მეტი მედია ორგანიზაცია მუშაობდა.
ჟურნალისტური გამოძიებების საერთაშორისო კონსორციუმის (ICJI) მიერ გავრცელებულ Paradise Papers-ის მასალებში რიგი მოქმედი და ყოფილი მსოფლიო ლიდერები ფიგურირებენ.
მასალების მიხედვით, ოფშორულ კომპანიებს ფლობენ ასევე: აშშ-ის სახელმწიფო მდივანი რექს ტილერსონი, კოლუმბიის პრეზიდენტი ხუან მანუელ სანტოსი, ლიბერიის პრეზიდენტი ელენ ჯონსონ-სირლიფ, კანადის სამი ყოფილი პრემიერ-მინისტრი – ჟან კრეტიენი, პოლ მარტინი და ბრაიან მალრუნი, კოსტა-რიკას ექს-პრეზიდენტი ხოსე მარია ფიგერესი, იაპონიისა და პაკისტანის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარეები იუკიო ჰატოიამა და შაუკათ აზიზი, თურქეთის პრემიერის ვაჟიშვილები ერქამ და ბიულენტ ილდირიმები, იორდანიის დედოფალი ნური, მერიკელი პოპ-ვარსკვლავი მადონა, ირლანდიური როკ-ჯგუფი U2-ს ლიდერი პოლ ჰიუსონი (ბონო), ევროპაში ნატოს შეიარაღებული ძალების ყოფილი სარდალი, ამერიკელი გენერალი უესლი კლარკი და სხვები.
ჟურნალისტების ცნობით, მასალები იმდენ ინფორმაციას შეიცავს, რომ საბოლოო შედეგებს კიდევ მეტი დრო დასჭირდება.
ამ ეტაპისთვის უცნობია, დოკუმენტებში საქართველოს მოქალაქეების გვარები თუა შესული.
სიტყვა ოფშორი მოდის ინგლისური სიტყვა offshore-სგან — „ნაპირის გარეშე“. ეს არის ფინანსური ცენტრები, რომლებიც უცხოურ კაპიტალს სპეციალური ადმინისტრაციული და საგადასახადო შეღავათებით იზიდავენ. ასეთ ქვეყნებს და ზონებს ბიზნესისათვის „ფინანსურ სამოთხეს“ უწოდებენ.
ოფშორული კომპანია — ეს არის ფირმა, რომელიც უცხოელი მოქალაქეების მიერ რეგისტრირდება ხელსაყრელი საგადასახდო კლიმატის მქონე სახელმწიფოში.
მსოფლიოში სულ ნახევარ ასეულამდე ოფშორული ზონაა.
მიახლოებითი გათვლებით, პლანეტის ყველა სახსრების 10%-მდე კონცენტრირებულია სწორედ ამ ზონებში. საერთო თანხა, რომელიც ოფშორულ ზონებში ინახება, ზოგიერთი მონაცემებით შესაძლოა 32 ტრილიონ დოლარს უტოლდებოდეს. ეს ციფრი იაპონიისა და აშშ-ს მთლიან შიდა პროდუქტს აღემატება.

