ახალი ამბები მთავარი სამართალი

ადვოკატმა მედიას ბექა ხახუბიას ავარიის ვიდეოკადრები გადასცა (ვიდეო)

გახმაურებული ავტოკატასტროფის შედეგად დაღუპული, დეპუტატ ირაკლი ხახუბიას შვილის, ბექა ხახუბიას საქმეზე ადვოკატმა “რუსთავი 2”-ს ვიდეომასალა მიაწოდა, სადაც ბექა ხახუბიას სიცოცხლის ბოლო წამებია გადაღებული. ვიდეოზე ასახულია ბოლო წუთები, თუ როგორ მისდევდა ფოთის მაჟორიტარი დეპუტატის შვილს პოლიცია.

კადრებში ჩანს, როგორ მოხდა ავარია, როგორგადაკეტა პატრულმა გზა და როგორ შეეჯახა ხახუბია ევაკუატორს.

გარდაცვლილის ოჯახის ახლობლები ამბობენ, რომ გორის გვირაბთან ჩატარებული სპეცოპერაციის დროს, პოლიციამ მოსალოდნელი რისკები არ გაითვალისწინა.

შეგახსენებთ, პროკურატურამ გორის გვირაბთან მომხდარი ავარიის დროს დაღუპული ბექა ხახუბიას საქმეზე, საპატრულო პოლიციის შიდა ქართლის სამმართველოს სამ თანამშრომელს ბრალი წარუდგინა.

გამოძიება საპატრულო პოლიციის თანამშრომლებს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე და 116-ე მუხლების დარღვევას ედავება, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას და გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.

სამივე პირი სასამართლოდან 1000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა. მათ პოლიციელის უფლებამოსილება შეუჩერდათ.

17 მაისს, გამთენიისას გორის გვირაბთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ფოთის მაჟორიტარი დეპუტატის ირაკლი ხახუბიას ვაჟი, 21 წლის ბექა ხახუბია დაიღუპა.

გავრცელებული ცნობით, გადაჭარბებული სიჩქარით მოძრავ მანქანას გორის გვირაბთან პოლიციელებმა გზა ტრაილერით ჩაუხერგეს, რის შედეგადაც მძღოლი ტრაილერს შეასკდა და გარდაიცვალა.

აღნიშნულ საქმეზე, შსს-მ შიდა ქართლის საპატრულო პოლიციის რამდენიმე თანამშრომელი სამსახურიდან დაითხოვა.

 

 

იტვირთბა....