უკრაინის უშიშროების სამსახურის ინფორმაციით, მეგის ქარდავას დაკავებისას თან აღმოაჩნდა სხვადასხვა სახელზე გაფორმებული უკრაინის ორი, ლატვიის – ერთი და ბელიზის ერთი ყალბი პასპორტი, ასევე მეზღვაურის ყალბი მოწმობა, რომლითაც ის უკრაინის და სხვა ქვეყნების საზღვრებს კვეთდა.
მეგის ქარდავას დაკავების შესახებ მისმა ოჯახმა მედიასაშუალებებისგან შეიტყო. სამხედრო პოლიციის ყოფილ უფროსს უკრაინულმა სასამართლომ 40 დღიანი პატიმრობა შეუფარდა. ცნობილია, რომ მეგის ქარდავას უკრაინაში უფლებადამცველი ოფიციალურად ჯერჯერობით არ დანიშვნია.
უკრაინაში უკვე მიმდინარეობს სამხედრო პოლიციის ყოფილი ხელმძღვანელის საქართველოში ექსტრადირების პროცედურა. უკრაინული კანონმდებლობის მიხედვით, თუ მეგის ქარდავა პოლიტიკურ თავშესაფარს მოითხოვს, მაშინ შესაძლოა, ამ საკითხის განხილვა ერთ წლამდე გაგრძელდეს.
ქარდავას ადვოკატი მალხაზ ველიჯანაშვილი არ გამორიცხავს, რომ სამხედრო პოლიციის ყოფილმა უფროსმა უკრაინულ მხარეს უახლოეს დღეებში პოლიტიკური თავშესაფრის მოთხოვნით მიმართოს.
ასევე იხილეთ: საქართველოს პროკურატურამ უკრაინას მეგის ქარდავას ექსტრადირებისთვის საჭირო დოკუმენტაცია გადაუგზავნა