ექსპორტის საკრედიტო სააგენტოს შექმასთან დაკავშირებით, დღეს საქართველოს მთავრობამ კანონპროექტი დაამტკიცა.
კანონპროექტის თანახმად, საპარტნიორო ფონდს საშუალება ექნება დააფუძნოს სააგენტო, რომელმაც პროდუქციის ან მომსახურების ექსპორტის ტრანზაქციებთან დაკავშირებული რისკები უნდა დააზღვიოს.
სააგენტო ხელს შეუწყობს საკრედიტო რისკების დაზღვევით, ფინანსური ინსტრუმენტების შეთავაზებითა და, ზოგადად, ფინანსებზე ხელმისაწვდომობის შესაძლებლოებით საქართველოს საექსპორტო პოტენციალის ზრდას და საერთაშორისო ბაზრებზე ქართული კომპანიების კონკურენტუნარიანობის ამაღლებას.
ექსპორტის საკრედიტო სააგენტოს დახმარებით ექსპორტიორები შეძლებენ საერთაშორისო სავაჭრო ტრანზაქციებთან დაკავშირებული რისკების დაზღვევას და საბრუნავი კაპიტალის ნაკლებობის სწრაფ აღმოფხვრას. სააგენტო ამ მიზნით ექსპორტიორ კომპანიებს საექსპორტო დაზღვევას შესთავაზებს და ასევე გარანტიებს, რომლებიც დამატებითი უზრუნველყოფის როლს შეასრულებენ კომერციული ბანკებიდან საბრუნავი სახსრების მოზიდვის დროს.
„საქართველოს ექსპორტის საკრედიტო სააგენტოს“ აქციათა 100%-იანი წილის მფლობელი სს „საპარტნიორო ფონდი“ იქნება.
სააგენტოს კაპიტალის სახით, ფონდი პირველი სამი წლის განმავლობაში, 20 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიციას განახორციელებს. საკანონმდებლო ცვლილებების შემდეგ, სამი თვის ვადაში მოხდება სააგენტოს დაფუძნება, რის შემდგომაც ის სადაზღვევო ლიცენზიას მიიღებს და მასზე სადაზღვევო რეგულაცია გავრცელდება.

