უკრაინის უსაფრთხოების სამსახური საქართველოს მოქალაქის მეგის ქარდავას დაკავებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
როგორც უწყების ოფიციალურ ვებგვერზე გამოქვეყნებულ განცხადებაშია აღნიშნული, საერთაშორისო ექსტრემისტული და ტერორისტული ორგანიზაციების წარმომადგენლების უკრაინის ტერიტორიაზე შესვლის აღმკვეთი ღონისძიებების დროს უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა დააკავა საქართველოს მოქალაქე მეგის ქარდავა, რომელიც 2012 წლიდან ძალადობრივი ხასიათის დანაშაულებისთვის იძებნებოდა.
ინტერპოლის მონაცემებით, დაკავებული 2002 წლიდან საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელ თანამდებობებზე და სამინისტროს თანამშრომლების დანაშაულებრივი დაჯგუფების შემადგენლობაში იმყოფებოდა, ის დანაშაულის ჩადენისთვის დაკავებული პირების მიმართ წამების, ფიზიკური და სექსუალური ძალადობის ბრალდებებისთვის იძებნებოდა.
უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, დაკავებულს თან აღმოაჩნდა უკრაინის მოქალაქის ორი ყალბი პასპორტი, ასევე ლატვიისა და ბელიზის თითო პასპორტი აღმოაჩნდა. ყველა საბუთი მისი ფოტოთი სხვადასხვა სახელზე იყო გაფორმებული. მას ასევე ჰქონდა მეზღვაურის ყალბი მოწმობა, რომელსაც უკრაინისა და სხვა სახელმწიფოების საზღვრის გადაკვეთისას იყენებდა.
ივანო-ფრანკოვსკის ოლქის გალიცის რაიონის სასამართლოს დადგენილებით, დაკავებულის აღკვეთის ღონისძიების სახით 40 დღიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს და დაწყებულია მისი სამშობლოში ექსტრადირების პროცედურა.
წყარო: საზოგადოებრივი მაუწყებელი