დღეს, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სამედიცინო დეპარტამენტის კარი მედიისთვის პირველად გაიღო. ჟურნალისტებს საშუალება მიეცათ გაცნობოდნენ ექსპერტიზის ჩატარების პროცედურებს და უშუალოდ, სამუშაო ატმოსფეროს.
სამხარაულის სახელობის სასამართო სამედიცინო ექსპერტიზის ხელმძღვანელმა ნინო კიკაბიძემ მედიის წარმომადგენლებს ექსპერტიზის ჩატარების პროცედურები დეტალურად გააცნო.
ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ადმინისტრაციის უფროსის, თამარ მელაშვილის თქმით, წელს, 4 ნოემბერს, დაწესებულება 13 წლის იუბილეს აღნიშნავს. ამ თარიღთან დაკავშირებით ადმინისტრაციამ გადაწყვიტა, რომ მედიისთვის სამედიცინო ექსპერტიზის დეპარტამენტის კარი გაეღო:
“წელს 13 წელი შეგვისრულდა და ყოველთვის აღვნიშნავთ ამ დღეს სხვადასხვა გადაცემებსა და ტელევიზიებში. წელს პირველად, სამედიცინო დეპარტამენტში გაიღო კარი მედიისთვის, იმიტომ, რომ სტუდიურ პერიოდში სამედიცინო ექსპერტიზის დეპარტამენტზე ცოტა უფრო რთულია და გადავწყვიტეთ, რომ გენახათ ის პროცესი და სამუშაო ატმოსფერო, რომელშიც ხდება სამედიცინო ექსპერტიზის ჩატარება და გაცნობა – დეტალურად, პროცესები და პროცედურები.
ბიურო გახლავთ აკრედიტირებული საერთაშორისო სტანდარტით. ჩვენ ასევე ვართ ევროპის სასამრთლო ექსპერტიზების დაწესებულებათა ქსელის სრულუფლებიანი წევრი. ეს ძალიან დიდი პატივია და თავისი სტანდარტების განუხრელ დაცვას გულისხმობს. რაც ყოველწლიურად მოწმდება ეროვნული აკრედიტაციის ცენტრის მიერ. ჩვენ ყოველთვის გახსნილი ვართ მედიისთვის, მათთან თანამშრომლობისთვის. რა თქმა უნდა, იმ ფარგლებში, რასაც კანონი ითვალისწინებს. გამოძიების ფარგლებში ჩვენ არ გვაქვს უფლებამოსილება, რომ რაიმე ინფორმაცია გავცეთ და ყოველთვის ექსპერტიზის დამნიშნავი პირიდან უნდა მიიღოთ საჭირო ინფორმაცია. ჩვენ გვინდოდა, რომ თქვენ დეტალურად გაცნობოდით ამ პროცესებს. ვფიქრობთ, ამის შემდეგ მომავალში მუშაობას გაგიადვილდებათ”- მიმართა თამარ მელაშვილმა მედიის წარმომადგენლებს.
სამხარაულის ექსპერტიზის ბიურომ ის მიზეზებიც განმარტა, რის გამოც ნუცუბიძის ქუჩაზე პატრულის დაკავების ოპერაციის დროს გარდაცვლილი პაატა პავლიაშვილის ცხედრის ექსპერტიზა თბილისში არ ჩატარდა. მისი თქმით, მიზეზი სარემონტო-პროფილაქტიკური სამუშაოები იყო, რომელიც ლიფტს უტარდებოდა.
„პერიოდულად სტანდარტიდან გამომდინარე, ლიფტი, მათ შორის ტექნიკური აღჭურვილობა საჭიროებს პროფილაქტიკურ შემოწმებას და სამუშაოებს, ეს იგეგმება წინასაწარ და ამის შესახებ ინფორმაცია მიეწოდება შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის სამსახურებს. ისინი გაფრთხილებულები არიან და ასეთ შემთხვევებში ცხედრის გადანაწილება ხდება რუსთავის ან გორის ჩვენივე განყოფილებებში და რა თქმა უნდა იქ დატვირთვის გაზრდის გამო თბილისის დეპარტამენტის ექსპერტების გადანაწილება ხდება ამ განყოფილებაში. სწორედ ეს შემთხვევა იყო ეს ცნობილი ფაქტი. წინასწარ გაფრთხილებული იყო შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი სამსახურები,“- განმარტა ექსპერტიზის ბიუროს ადმინისტრაციის უფროსმა თამარ მელაშვილმა.
ავტორი: ნინო ცხადაია