ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა რუსეთის პატრიარქისგან მიწვევა მიიღო

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი რუსეთის პატრიარქმა კირილემ მოსკოვში, რუსეთის პატრიარქის ტიტულის აღდგენის 100 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებებზე დაპატიჟა. მიწვევა ილია მეორეს რუსეთის ეკლესიის საგარეო საქმეთა განყოფილების ხელმძღვანელმა გადასცა, რომელიც ერთი დღით თბილისში იმყოფებოდა. შეხვედრა სასულიერო პირებს შორის საქართველოს საპატრიარქოში გაიმართა.

“მინდა რუსეთის პატრიარქ კირილესგან მოკითხვა გადმოგცეთ, მან ასევე მთხოვა გადმომცა თქვენთვის რომ გელოდებათ რუსეთში, დიდი სიყვარულით, რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქობის აღდგენის 100 წლის იუბილეზე. იმედი გვაქვს რომ თქვენ და თქვენი დელეგაციის წევრებს ამ დღესასწაულზე გიხილავთ. ჩვენ მოვიწვიეთ სხვადასხვა მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაურები და უმრავლესობისგან დადებითი პასუხი მივიღეთ. 4 დეკემბერს მაცხოვრის სახელობის ტაძარში სადღესასწაულო წირვა აღევლინება”,-განაცხადა მიტროპოლიტმა ალფეევმა.

აუდიენციაზე საუბარი შეეხო ოკუპირებული აფხაზეთის საკითხს და ე.წ.  “აფხაზეთის ეკლესიასაც”:

“აფხაზეთში ახალი არაფერია. ის ჯგუფი, რომელმაც დაიპყრო ახალი ათონის მონასტერი და თავი გამოაცხადა თითქმის ავტოკეფალურ ეკლესიად პოზიციებს ისევ ინარჩუნებს. დიახ მათ შორის მოხდა განხეთქილება. ეს ჯგუფი ახლა მოიხსენიებს მსოფლიო პატრიარქს და მათ თავი მიტროპოლიტად გამოაცხადეს, უნდა ვიფიქროთ როგორ დავარეგულიროთ სიტუაცია. უწმინდეს პატრიარქ კირილესთან თქვენს ბოლო შეხვედრაზე მიღებული იქნა გადაწყვეტილება, რომ აფხაზეთში არსებულ სიტუაციაზე სამსჯელოდ სამუშაო ჯგუფს შევქმნიდით, ჩვენ მზად ვართ შევუდგეთ მუშაობას, იმიტომ რომ იქ ბევრი პრობლემაა, რაც გადაჭრას საჭიროებს.

თქვენ როგორ ფიქრობთ რამდენი ადამიანი უნდა იყოს ამ ჯგუფში. ალბათ 2-3 საკმარისი იქნება. ველოდებით თქვენს პასუხს,”-განაცხადა ილარიონ ალფეევმა.

ილია მეორის განცხადებით, ის დაესწრება დღესასწაულს, თუკი მას ჯანმრთელობა ხელს შეუწყობს.

„მივიღე თქვენი მოწვევა, თუკი ჯანმრთელობა შემიწყობს ხელს დავესწრები დღესასწაულს. ჩვენ აფხაზეთიდან გვყავს ეპისკოპოსი გრიგორი კაცია. აფხაზეთში კი არის პიროვნება, ისიც გვარად კაციაა. ის რელიგიურ ორგანიზაციებთან, პარლამენტისა და მთავრობის ურთიერთობას ხელმძღვანელობს. შეიძლებოდა მისი იქ გაგზავნა. ზოგიერთები გამოთქვამენ აზრს რომ როგორმე უნდა დავარეგულიროთ სიტუაცია აფხაზეთში. მე მიყვებოდნენ რომ მოხდა განხეთქილება ამ ჯგუფსა, ბესარიონ აპლიასა და სხვებს შორის. სწორედ ამიტომ უნდა ვიჩქაროთ, დავარეგულიროთ სიტუაცია. როგორ ფიქრობთ რამდენი ადმიანი უნდა შედიოდეს სამუშაო ჯგუფში. ვფიქრობ დიდი ჯგუფი საჭირო არ არის. ალბათ სამი ადამიანი თითო მხრიდან. ჩვენ დავფიქრდებით და პასუხს შეგატყობინებთ,“-განაცხადა საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა ილია მეორემ.

თავად საქართველოს საპატრიარქოს ამ დრომდე არ გაუკეთებია განმარტება, რა ფორმით აპირებენ რუსეთის ეკლესიასთან აფხაზეთის საკითხზე თანამშრომლობას და რომელი სასულიერო პირები შევლენ ერთობლივ სამუშაო ჯგუფში.

 

 

 

 

იტვირთბა....