სამხედრო პოლიციის ყოფილი უფროსის, მეგის ქარდავას მამის განცხადებით, ყველა დანაშაული, რომელსაც მის შვილს ედავებიან, მონაგონი და ჭორია.
როგორც სერგო ქარდავა განმარტავს, ამ დროისთვის გალში იმყოფება და შვილის დაკავების შესახებ ინფორმაცია ტელევიზიიდან შეიტყო. მისივე თქმით, შვილი ბოლოს ხუთი წლის წინ ნახა, როცა ის ქვეყანას ტოვებდა.
შეგახსენებთ, რომ მთავარი პროკურატუის ცნობით, უკრაინელმა სამართალდამცველებმა ძებნილი მეგის ქარდავა საქართველოს პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე დააკავეს.
ხუთწლიანი სამძებრო ღონისძიების შემდეგ სამხედრო პოლიციის ყოფილი უფროსი მეგის ქარდავა უკრაინაში, ქალაქ ივანო ფრანკოვსკში დააკავეს.
ქარდავას ბრალი ედება სისხლის სამართლის რამდენიმე საქმეში. მათ შორის, სამეგრელოში აღმოჩენილი საიდუმლო სამალავების საქმეზე 2014 წელს მას დაუსწრებლად 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. ის არის ერთ-ერთი ფიგურანტი სერგო თეთრაძის წამების ორგანიზების საქმეში სასჯელაღსრულების ყოფილ მინისტრ ბაჩო ახალაიასთან ერთად. მეგის ქარდავას გენერალ რომან დუმბაძის მკვლელობის საქმეზე ბრალი წაუყენეს 109-ე მუხლით, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას ითვალისწინებს. გამოძიება მას დანაშაულის ორგანიზებას და მკვლელობის დაკვეთას ედავება; ასევე თავდაცვის სამინისტროს ბიუჯეტიდან თანხების მითვისების გამო, ქარდავას 2013 წელს დაუსწრებლად შეეფარდა პატიმრობა და მასზე გამოცხადდა ძებნა.

