ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

პარლამენტში ახალი საკონსტიტუციო ცვლილებები უკვე ინიცირებულია: რას ითვალისწინებს კონსტიტუციური პროექტი

პარლამენტში ახალი საკონსტიტუციო ცვლილებების ინიცირება მოხდა, რომელსაც ხელს საპარლამენტო უმრავლესობაში შემავალი 116 დეპუტატი აწერს.

ახალი კონსტიტუციური პროექტი დღეს ბიუროს სხდომას წარედგინა, რომელიც მმართველმა გუნდმა ვენეციის კომისიის რეკომენდაციების შესაბამისად მოამზადა.

ცვლილებები ერთის მხრივ, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის ბლოკების ერთჯერადად დაშვებას უზრუნველყოფს, მეორეს მხრივ კი, 2024 წელს ე.წ. ბონუსს სისტემა აღარ ამოქმედდება. ამასთან, ცვლილებები ეხება რელიგიისა და საკონსტიტუციო სასამართლოს თავებსაც.

კერძოდ, მესამე მოსმენით მიღებული კონსტიტუციიდან ამოღებულია სიტყვები – „სახელმწიფო უსაფრთხოება“, „დანაშაულის თავიდან აცილება“, „მართლმსაჯულების განხორციელება“ და აღნიშნულია, რომ „ყოველ ადამიანს აქვს რწმენის, აღმსარებლობისა და სინდისის თავისუფლება. ამ უფლებათა შეზღუდვა დასაშვებია მხოლოდ კანონის შესაბამისად, დემოკრატიულ საზოგადოებაში აუცილებელი საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფის, ჯანმრთელობის ან სხვათა უფლებების დაცვის მიზნით“.

ცვლილებებით, საარჩევნო ნორმებისა და არჩევნების არაკონსტიტუციურად ცნობასთან დაკავშირებით, საკონსტიტუციო სასამართლოს უფლებამოსილებებიც ფართოვდება და შესაბამისი სარჩელის განხილვის ვადები სამი თვით იზრდება. გარდა ამისა, ის ჩანაწერიც უქმდება, რომლის თანახმად, არჩევნების კონსტიტუციურობის საკითხს საკონსტიტუციო სასამართლო სიითი შემადგენლობის სრული თანხმობით წყვეტს.

რაც შეეხება, საარჩევნო თემატიკას, კონსტიტუციის ახალი რედაქციიდან ამოღებულია ე.წ. ბონუსს სისტემა. შესაბამისად, კონსტიტუციური პროექტით, საპარლამენტო არჩევნებში ყველა მანდატი განაწილდება პოლიტიკური პარტიის მიერ მიღებული ხმების პროპორციულად. ამასთან, ცვლილებებით, მომდევნო საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობა, პოლიტიკური პარტიების გარდა, პოლიტიკური პარტიების საარჩევნო ბლოკებსაც ექნებათ.

აღსანიშნავია, რომ ზემოთ აღნიშნული ოთხი საკითხის გარდა, კონსტიტუციური პროექტით, პრეზიდენტის არჩევის ნაწილში ტერმინოლოგიური ცვლილებაც ხორციელდება. კერძოდ, ტერმინი „ხმოსანი“ ტერმინით – „საარჩევნო კოლეგიის წევრი“ იცვლება.

პარლამენტმა ახალი კონსტიტუცია მესამე მოსმენით 26 სექტემბერს დაამტკიცა, თუმცა იმის გამო, რომ მას პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილმა ვეტო დაადო, უმრავლესობას ვეტოს დაძლევა 13 ოქტომბერს მოუწია. თავად კონსტიტუცია კი, ძალაში 2018 წელს, ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციის შემდეგ შევა.

იტვირთბა....