საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი, შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის ვანო მერაბიშვილის შესაძლო გათავისუფლებას ეხმაურება. მისი თქმით, როგორიც არ უნდა იყოს სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება მერაბიშვილის საქმეზე, ეს ვერ იქნება მისი გათავისუფლების მიზეზი.
იუსტიციის მინისტრის განმარტებით, სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში შეტანილი სარჩელი ვანო მერაბიშვილის წინასწარი პატიმრობის ეპიზოდს ეხება, ამჟამად კი ვანო მერაბიშვილი წინასწარ პატიმრობაში აღარ იმყოფება. წულუკიანი ამბობს, რომ მრაბიშვილის ვადაზე ადრე გათავისუფლება განხილვის საკითხია და არა პროცედურები.
“სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების მოლოდინში ჩვენც ვართ, თუმცა როგორიც არ უნდა იყოს გადაწყვეტილება, ეს ვერ იქნება გათავისუფლების მიზეზი. სტრასბურგში საქმე ეხება წინასწარი პატიმრობის ეპიზოდს და ვანო მერაბიშვილი ამჟამად წინასწარ პატიმორბაში აღარ იმყოფება და ის უკვე სასჯელს იხდის”, – აღნიშნა თეა წულუკიანმა.
შეგახსენებთ, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მსჯავრდებულ ივანე მერაბიშვილს, დღეის მდგომარეობით, არ აქვს მოხდილი სასჯელის მოხდისგან პირობით ვადამდე გათავისუფლებისათვის კანონით განსაზღვრული ვადა, შესაბამისად, უწყების ცნობით, მერაბიშვილის საქმეს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ადგილობრივი საბჭო მოცემულ ეტაპზე ვერ განიხილავს.
მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი ვანო მერაბიშვილი შესაძლოა, ვადაზე ადრე გათავისუფლდეს. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მერაბიშვილს რამდენიმე დღის წინ საკანში ვადაზე ადრე გათავისუფლების შესახებ უწყება მიუტანეს და განუმარტეს, რომ მას ამ მექანიზმით სარგებლობის უფლება გააჩნია.