ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ნიუ იორკში ტერაქტის მოწყობაში ბრალდებულის სიკვდილით დასჯას ემხრობა. როგორც აშშ-ის 45-ე პრეზიდენტი მიკრობლოგ „ტვიტერში“ წერს, მანჰეტენზე რვა ადამიანის მკვლელმა პალატაში „ისლამური სახელმწიფოს“ დროშის დაკიდება მოითხოვა. ტრამპი ფიქრობს, რომ ტერაქტში ეჭვიტანილ ემიგრანტს სიკვდილით დასჯა უნდა მიუსაჯონ.
„ნიუ იორკის ტერორისტი აღტყინებული ითხოვდა პალატაში „ისლამური სახელმწიფოს“ დროშას. მან რვა ადამიანი მოკლა და 12 დაჭრა. მას სიკვდილით დასჯის განაჩენი უნდა გამოუტანონ“, – წერს დონალდ ტრამპი.
მანამდე დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ დაუყოვნებლივ დაიწყებს კონსულტაციებს კონგრესთან, რათა აშშ-ის ვიზების გათამაშების პროგრამა შეწყდეს, რადგან უზბეკეთის მოქალაქე, რომელმაც მანჰეტენზე თავდასხმა მოაწყო, სწორედ ე.წ. მწვანე ბარათით მოხვდა შტატებში. მან ასევე არ გამორიცხა, რომ საიპოვის გუანტანამოს ციხეში გაგზავნის გადაწყვეტილება მიიღოს.
ნიუ იორკის პროკურატურაში უკვე განაცხადეს, რომ 29 წლის საიაფულო საიპოვს სავარაუდოდ სიკვდილით დასჯა ან უვადო პატიმრობა ემუქრება. მას ბრალი რვა ადამიანის მკვლელობასა და ტერორისტული ორგანიზაციის მატერიალურ მხარდაჭერაში დასდეს. საიპოვმა დანაშაული არ უარყო და განაცხადა, რომ „ისლამური სახელმწიფოს“ იდეებით არის შთაგონებული.
შეგახსენებთ, 1 ნოემბერს მანჰეტენზე უცნობი პირი მანქანით ჯერ ველოსიპედისტებს, შემდეგ კი სასკოლო ავტობუსს შეეხაჯა და სროლა დაიწყო. პოლიციელმა ეჭვმიტანილი მუცლის არეში დაჭრა. ის კრიტიკულ მდგომარეობაში რჩება. წერილში, რომელიც პოლიციამ მანქანაში იპოვა წერია, რომ დანაშაული ტერორისტული დაჯგუფება ISIS-ის სახელით ჩაიდინა. ტერორიზმში ეჭვმიტანილის ვინაობა უკვე დადგენილია. ის უზბეკეთში დაბადებული, საიფულო საიპოვია.