aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

Doing Business: საქართველო ბიზნესის კეთების სიმარტივით 190 ქვეყანას შორის მეცხრე ადგილზეა

aviabiletebi
ავიაბილეთები

მსოფლიო ბანკის Doing Business 2018 წლის ანგარიშის მიხედვით, მსოფლიოში საქართველო ბიზნესის კეთების სიმარტივით მე-9 ადგილზეა. რეიტინგი 7 ადგილით გაუმჯობესდა. 2018 წელს საქართველოს ქულა 2.12 პუნქტით გაუმჯობესდა (82.04 ქულამდე) და 190 ქვეყანას შორის მე-16 ადგილიდან მე-9 ადგილზე გადაინაცვლა.

ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს. მისი ცნობით, მსოფლიო ბანკის რეიტინგში საქართველოს წარმატება მთავრობის ეფექტურმა და კოორდინირებულმა მუშაობამ განაპირობა.

უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს რეიტინგი გაუმჯობესებულია 5 ინდიკატორში:

ბიზნესის დაწყება – მე-4 ადგილი (2017 წელს მე-8 ადგილი);
ელექტროენერგიის ქსელზე მიერთება – 30-ე ადგილი (2017 წელს 39-ე ადგილი);
მცირე აქციონერთა უფლებების დაცვა – მე-2 ადგილი (2017 წელს მე-7 ადგილი);
კონტრაქტების აღსრულება – მე-7 ადგილი (2017 წელს მე-16 ადგილი);
გადახდისუუნარობის საქმეების გადაწყვეტა – 57-ე ადგილი (2017 წელს 106-ე ადგილი).

წინა წელთან შედარებით საქართველოს ქულა გაუმჯობესდა 6 ინდიკატორში, ხოლო 4 ინდიკატორში დარჩა უცვლელი. 2018 წლის ანგარიშით არცერთ ინდიკატორში ქულა არ გაუარესებულა.

გაუმჯობესებული ქულების მქონე ინდიკატორები შემდეგნაირად გამოიყურება:

ბიზნესის დაწყება – 97.84 (ქულა გაუმჯობესდა 0.01-ით)
მშენებლობის ნებართვის მიღება – 77.57 (ქულა გაუმჯობესდა 0.02 ქულით)
ელექტროენერგიის ქსელზე მიერთება – 84.32 (შედეგი გაუმჯობესდა 0.55 ქულით)
მცირე აქციონერთა უფლებების დაცვა – 81.67 (შედეგი გაუმჯობესდა 5.00 ქულით)
გადასახადების გადახდა – 87.14 (შედეგი გაუმჯობესდა 0.04 ქულით)
გადახდისუუნარობის საქმეების გადაწყვეტა – 55.59 (შედეგი გაუმჯობესდა 15.57 ქულით)

Doing Business 2013 წლის ანგარიშთან (რომელიც გამოქვეყნდა 2012 წელს) შედარებით საქართველოს მდგომარეობა გაუმჯობესებულია შემდეგ 6 ინდიკატორში:

ბიზნესის დაწყება- მე-4 ადგილი (2013 წელს მე-7 ადგილი);
ელექტროენერგიის ქსელზე მიერთება – 30-ე ადგილი (2013 წელს 50-ე ადგილი);
მცირე აქციონერთა უფლებების დაცვა – მე-2 ადგილი (2013 წელს მე-19 ადგილი);
გადასახადების გადახდა 22-ე ადგილი (2013 წელს 33-ე ადგილი);
კონტრაქტების აღსრულება – მე-7 ადგილი (2013 წელს 30-ე ადგილი);
გადახდისუუნარობის საქმეების გადაწყვეტა – 57-ე ადგილი (2013 წელს 81-ე ადგილი).

სამინისტროს ცნობით, 2013 წლის ანგარიშით საქართველო მე-9 ადგილს იკავებდა, თუმცა აღსანიშნავია, რომ 2013 წლიდან Doing Business-მა შეცვალა მეთოდოლოგია (პროცედურების სიმარტივის და სისწრაფის მაჩვენებელთან ერთად მეთოდოლოგიას დაემატა ასევე, ხარისხობრივი მაჩვენებელიც) და მოახდინა წინა წლების შედეგების გადაანგარიშება, ახალი მეთოდოლოგიის მიხედვით 2013 წელს დაკავებული მე-9 ადგილი გაუტოლდა 23-ე ადგილს. შესაბამისად, 2013 წლის ანგარიშთან შედარებით წელს ჩვენ 14 ადგილით დავწინაურდით.

2018 წლის რეიტინგში საქართველოს მნიშვნელოვანი წარმატება და საერთაშორისო აღიარება საქართველოს მთავრობის მიერ განხორციელებული რეფორმების შედეგია.

ელექტროენერგიის ქსელზე მიერთების ინდიკატორი – რეფორმით შემცირდა ბიზნესისთვის ელექტროენერგიის ქსელზე მიერთების საფასური და პროცედურების რაოდენობა.

მცირე აქციონერთა უფლებების დაცვის ინდიკატორი – მცირე აქციონერთა უფლებების დაცვის კუთხით 2017 წლის მაისში ცვლილებები შევიდა „მეწარმეთა შესახებ“ და „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონებში.

ასევე, 2016 წელს მიღებულ იქნა ახალი კანონი „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“, რომელმაც, ასევე, დადებითად იმოქმედა ზემოაღნიშნულ ინდიკატორზე.

ცვლილებებით კიდევ უფრო მეტად არის დაცული მცირე აქციონერთა უფლებები. მცირე აქციონერებს გააჩნიათ მეტი ხელმისაწვდომობა კომპანიის შიდა დოკუმენტებთან, მენეჯერების ანაზღაურებასთან. დაიხვეწა და საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში მოვიდა აუდიტის კომიტეტთან და ინტერესთა კონფლიქტთან დაკავშირებული რეგულაციები.

გადახდისუუნარობის საქმეების გადაწყვეტის ინდიკატორი – 2017 წლის მაისში ცვლილება განხორციელდა „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონში.

ამ რეფორმის შედეგად კიდევ უფრო გაძლიერდა როგორც მოვალის, ასევე კრედიტორ(ებ)ის უფლებების დაცვა. ცვლილებებით ნებისმიერ კრედიტორს შეუძლია განცხადების შეტანა მოვალის გადახდისუუნარობაზე, ხოლო მოვალეს, თავის მხრივ, უფლება აქვს მოითხოვოს როგორც გაკოტრება, ასევე რეაბილიტაციაც. ცვლილებებით დარეგულირდა, აგრეთვე, კრედიტორთა მიერ მოვალის ფინანსური ინფორმაციის გამოთხოვის და მოვალისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ხელშეკრულებების შეუწყვეტლობის საკითხები.

რაც შეეხება ბიზნესის დაწყების ინდიკატორს – აქამდე დუინგ ბიზნესის გუნდი ცალკე სავალდებულო პროცედურად თვლიდა საბანკო ანგარიშის გახსნას და სარეგისტრაციო თანხის გადახდას; რეფორმის შედეგად სარეგისტრაციო თანხის გადახდა და განაცხადის ჩაბარება ერთ ფანჯარასთან ხდება, ხოლო დუინგ ბიზნესის გუნდთან ჩატარებული განმარტებითი სამუშაოს შედეგად გუნდი დარწმუნდა, რომ საბანკო ანგარიშის გახსნა არ არის ცალკე სავალდებულო პროცედურა, რადგან ბიზნესის რეგისტრაციისთვის საბანკო ანგარიშის გახსნის ვალდებულებას კანონმდებლობა არ ითვალისწინებს.

“დუინგ ბიზნესის” გუნდმა აღნიშნა, რომ საქართველოში ბიზნესის რეგისტრაციას ჭირდება სულ 2 პროცედურა (კომპანიის რეგისტრაცია და დღგ-ს გადამხდელად რეგისტრაცია).

კონტრაქტების აღსრულებასთან დაკავშირებით, DB-ის გუნდმა 2018 წლის ანგარიშში ჩაგვითვალა მიწოდებული ინფორმაცია აღსრულების წინასწარ საფასურთან დაკავშირებით, რომელიც არის აღსასრულებელი მოთხოვნის 2%, ნაცვლად DB 2017 წლის ანგარიშში დაფიქსირებული აღსასრულებელი მოთხოვნის 6,9%-ისა.

2018 წელს საქართველოს მდგომარეობა უცვლელია გადასახადების გადახდის ინდიკატორში (22-ე ადგილი).

2018 წლის რეიტინგის პირველი ათეული ასე გამოიყურება:

ახალი ზელანდია
სინგაპური
დანია
კორეა
ჰონგ-კონგი, ჩინეთი
აშშ
დიდი ბრიტანეთი
ნორვეგია
საქართველო
შვედეთი

იტვირთბა....