აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა სამართალი

რატომ არ აწყობს ივანიშვილს სააკაშვილის სასამართლოს წინაშე წარდგენა

„ტრამპსა და პოროშენკოს შორის 10 სააკაშვილი რომ ჩადგეს, მაინც ვერ გადაწონის“

საქართველოს  მესამე პრეზიდენტი და ოდესის ყოფილი გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი უკრაინის პრეზიდენტის პეტრო პოროშენკოს დილემად იქცა. ბოლო დღეების განმავლობაში საქართველოში და უკრაინაში სულ უფრო აქტიურად საუბრობენ სააკაშვილის სამშობლოში  შესაძლო ექსტრადიციაზე.

„მეტრონომთან“ პოლიტოლოგები სააკაშვილის დაკავების ვადებსაც კი ასახელებენ და ფიქრობენ, რომ პოროშენკოს სწორედ ახლა აქვს შანსი, რომ ის თავიდან სამუდამოდ მოიშოროს. თუმცა, უკრაინის პრეზიდენტი დასავლეთთან ამის გამო საკმაოდ მძიმე ფასს გადაიხდის, რადგანაც უკრაინა რუსეთთან საომარ მდგომარეობაში იმყოფება და ტრამპის ადმინისტრაციასთან იარაღის და სხვა დახმარების მისაღებად ორივე ხელი სამათხოვროდ აქვს გაშვერილი.

„მეტრონომთან“ ანალიტიკოსები მიხეილ სააკაშვილის სამშობლოში ექსტრადიციას ასევე ქვეყნისთვის არასასურველ მოვლენად აფასებენ და ამბობენ, რომ ხელისუფლებას ახლა ექს-პრეზიდენტის ციხეში გამოკეტვით ახალი თავის ტკივილის გაჩენა არ სურს და ამისთვის  მზად არ არის.

საქართველოს მესამე პრეზიდენტს  და ოდესის ყოფილ გუბერნატორს, მას შემდეგ რაც უკრაინის საიმიგრაციო სამსახურმა დევნილის სტატუსის მინიჭებაზე უარი უთხრა, მისი საქართველოში ექსტრადიციის საკითხზე საუბარი მით უფრო აქტიური გახდა. სააკაშვილმა უარის მიღების შემდეგ, საიმიგრაციო სამსახურს თხოვნით კიდევ  ერთხელ მიმართა.

თუმცა, უკრაინის მთავარმა პროკურორმა იური ლუცენკომ  განაცახდა, რომ მიხეილ სააკაშვილის ექსტრადირებას სამშრობლოში პრინციპში ხელს აღარაფერი უშლის. უკრაინის იუსტიციის მინისტრის განცხადებით, პროცედურების დასაწყებად მხოლოდ პროკურატურის დოკუმენტებს ელოდებიან და საბოლოო დასკვნა ნოემბრის ბოლომდე იქნება.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ერთ-ერთ უკრაინულ ტელეკომპანიას ინტერვიუ მისცა, სადაც აღნიშნავს, რომ უკრაინის პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოსა და საქართველოს ყოფილ პრემიერ ბიძინა ივანიშვილს მეგობრობა აკავშირებთ და ისინი მოლაპარაკებებს აწარმოებენ მისი შესაძლო ექსტრადაციასთან დაკავშირებით.

“ნებისმიერ მომენტში შეიძლება დამაპატიმრონ” – აცხადებს სააკაშვილი და ხაზს უსვამს უკრაინელი ხალხის მონდომებას ქვეყნის მომავალი განვითარებისათვის. მისი თქმით, ის უკრაინელ ხალხთან ერთად ამზადებს “აზროვნების გადატრიალებას”.

ანალიტიკოსი სოსო ცინცაძე „მეტრონომთან“ აცხადებს, რომ  უკრაინის პრეზიდენტის პეტრო პოროშენკოსგან გამორიცხული არაფერია და მისთვის ახლა სააკაშვილი საკმაოდ დიდი თავის ტკივილია. მისი აზრით, პოროშენკოს ქვეყანაში ისედაც  ბევრი პრობლემა აქვს, მას ცალკე რუსეთი და ცალკე დასავლეთი აწვება და ვერცერთ მათგანთან ურთიერთობებს ვერ ალაგებს, ამიტომ, სააკაშვილის თავიდან მოშორება და სამშობლოში ექსტარდირება, მისთვის ნამდვილი ხსნა იქნება. თუმცა, მისი აზრით, ამ ფაქტს დასავლეთისგან მკაცრი რეაგირება მოჰყვება. ანალიტიკოსი ფიქრობს, რომ პოროშენკოსთვის სააკაშვილის  წინააღმდეგ ყველა ლეგალური გზით ბრძოლა შეუძლებელი ხდება. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში სააკაშვილის ექსტრადირება უკრაინის პრეზიდენტის იმიჯისთვის შემლახველი იქნება, მას ახლა სხვა გამოსავალი არ დარჩენია.

ცინცაძის თქმით, ცალკე განსახილველია საქართველოს პრობლემა, თუ სააკაშვილის სამშობლოში ექსტრადირება ნამდვილად მოხდა. მისი აზრით, ახლა ქვეყანას უამრავი სხვა პრობლემა გააჩნია და მისი დაუსრულებელი სასამართლოები აქ არავის სჭირდება, მითუმეტეს, როდესაც ის ამდენი ინფორმაციის მატარებელია და ამ ხელისუფლების დაზარალებაც ძალიან ადვილად  შეუძლია.

„წარმოიდგინეთ სააკაშვილის სასამართლო პროცესები,  რამხელა დაინტერესება და დაკვირვება დაიწყება დასავლეთიდან. მითუმეტეს, სასამართლო სხდომებს ვერ დახურავენ და ექს-პრეზიდენტს პირზე ხელს ვერავინ მიაფარებს. მან პროცესებზე შესაძლოა ისეთი სახის ინფორმაციები გასცეს, რაც ამ ხელისუფლებისთვის სასურველი არ იქნება და დააზარალებს. აქ სააკაშვილი გუდას, რომ მოხდის, ვეღარავინ გააჩერებს – ის პოლიტიკური ტრიბუნაა.

ილაპარაკებს ყველაზე და ყველაფერზე. ის არც ივანიშვილს არ დაინდობს და მასთან 2012 წლამდე არსებულ ყველა ინფორმაციას დაფქვავს. რასაკვირველია, რომ სააკაშვილს საერთაშორისო ასპარეზზე თავისი მომხრეები ჰყავს. მას მხარდამჭერები არც საქართველოში აკლია. მის უკან დგას „ნაციონალური მოძრაობა“, რომელსაც მთის მწვერვალიდან დაგორებული პატარა გუნდის ზვავად  ქცევა  შეუძლია“, – ამბობს სოსო ცინცაძე „მეტრონომთან“.

მისი თქმით, პოროშენკოს  და საქართველოს ყველა ნაბიჯი, სააკაშილთან მიმართებაში უმკაცრესი მონიტორინგის ქვეშ იქნება მოქცეული. ანალიტიკოსის აზრით, პოროშენკოს ორივე ხელი სამათხოვროდ დასავლეთისკენ აქვს გაშვერილი და მათი განაწყენება ძვირად დაუჯდება. ცინცაძის თქმით, ეს სააკაშვილსაც კარგად ესმის და ამიტომაც არის, რომ უკრაინაში მისი მოქმედებები უკონტროლოა. ანალიტიკოსის განცხადებით, საქართველოს მესამე პრეზიდენტს კიევში ზურგს ვიღაც უმაგრებს და ეს უკრაინის საზღვარზე განვითარებულმა მოვლენებმაც კარგად აჩვენა.

ცინცაძე ფიქრობს, რომ ასეთ პროცესები ყოველთვის პოლიტიკურია და მისი სამართლებლივ ჭრილში გადაყვანა რთულია. მითუმეტეს მაშინ, როდესაც ქართულ სასამართლო სისტემას არც თუ დიდი ნდობა გააჩნია. ანალიტიკოსის აზრით, საქართველოსთვისაც და უკრაინისთვისაც ახლა ყველაზე ხელსაყრელი იქნებოდა, რომ სააკაშვილი პოროშენკომ ქვეყნიდან გააძევოს. მითუმეტეს, ის მოქალაქე არ არის და ვერც საქართველოში ჩამოვა. ამის შემდეგ ის დაბრუნდება ან ამერიკაში, ან ევროპაში და ამით ორივე ქვეყანა ერთ დიდ სატკივარს თავიდან მოიშორებს.

უფლებადამცველი და იურისტი ლია მუხაშავრია „მეტრონომთან“ აცხადებს, რომ  სააკაშვილი იურისტია და მან  ექსტრადიციასთან დაკავშირებული პროცედურების შესახაბ დეტალები ყველაზე კარგად იცის. შესაბამისად, მუხაშავრია ფიქრობს, რომ  სააკაშვილის განცხადება რეალობასთან ახლოს არის და ის შესაძლოა სამშობლოში უახლოეს მომავალში გამომაგზავრონ. უფლებადამცველის  თქმით, სააკაშვილი არცერთი ქვეყნის მოქალაქე აღარ არის და საქართველოს ხელისუფლებას არანაირი დაბრკოლება აღარ აქვს იმისთვის, რომ მისი უკრაინიდან ექსტრადაცია მოითხოვოს. იურისტი ფიქრობს, რომ თუ საქართველოს პროკურატურამ სწორად დასაბუთებელი მოთხოვნა გაგზავნა, სააკაშვილის ექსტრადიციას წინ  აღარაფერი დაუდგება. მუხაშავრია ამბობს, რომ მისი ფიზიკურად დაკავება უკვე დროის ამბავია.

იურიტის თქმით, საეჭვოა რომ სააკაშვილს ვინმეს დახმარების იმედი ჰქონდეს. მისი აზრით, ექს-პრეზიდენტს ზოგადად, მისი პიროვნებიდან გამომდინარე ნორმასგადახვეული ქმედებები ახასიათებს.  შესაბამისად, კიევში მისი ქმედებები, სულაც არ ნიშნავს იმას, რომ მას ზურგს ვინმე უმაგრებს. მუხაშავრია ფიქრობს, რომ  სააკაშვილს უბრალოდ დასაკარგი აღარაფერი აქვს და ვაბანკზე მიდის.

„სააკაშვილს ახლა ერთადერთი გამოსავალი აქვს,  უკრაინაში დარჩეს და გამაგრდეს. ვფიქრობ, რომ ამერიკის მხადაჭერის იმედი მას შემდეგ აღარ აქვს, რაც მას პოროშენკომ მოქალაქეობა სრულიად უპრობლემოდ  ჩამოართვა. ექს-პრეზიდენტს ახლა ერთადერთი შანსი აქვს, რომ უკრაინაში ვინმეს მხარდაჭერა მოიპოვოს და თავისი პოზიციები ამით განამტკიცოს. მისთვის თავისუფლების დაკარგვა საკმაოდ რთული მოვლენა იქნება და არ მგონია, რომ საქართველოსაც დადებითად წაადგეს. ახლა ჩვენი ხელისუფლება ამისთვის მზად არ არის.

უკრაინას მისი დაკავება როგორც საქართველოს მხარის მოთხოვნით, ასევე  იმ დარღვევისთვის შეუძლია, რომელიც მან უკრაინის საზღვრის გადაკვეთის დროს ჩაიდინა. ასე რომ, პოროშენკოს მისი დაპატიმრების ყველანაირი საბაბი აქვს.

ვფიქრობ, უკრაინას საქართველოსთვის მისი გადმოცემა ყველაზე მეტად აწყობს. თუმცა, როგორც უკვე აღვნიშნე, თავად  საქართველოს სააკაშვილის ციხეში ჩასმა არფერში სჭირდება. ალბათ არსებობს გარკვეული შიში, მისი ყოფილ და ახლანდელი მხადამჭერების მიმართ. ამიტომ ვიღაცას მხოლოდ და მხოლოდ  ეს აკავებს, რომ ის ბორკილდადებული სამშობლოში გამოამგზავრონ“, – ამბობს მუხაშავრია „მეტრონომთან“.

მისი თქმით, პოროშენკოს ძალოვანი სტრუქტურებზე კონტროლი ბოლომდე არა აქვს, წინააღმდეგ შემთხვევაში მას აქამდე დააკავებდნენ. მუხაშავრია სააკაშვილის ტრამპთან მეგობრობას მეჭიაურის და ივანიშვილის  კურსელობას ადარებს. მისი განცხადებით, როგორც მეჭიაური ქმნიდა საზოგადოებაში მითებს, რომ ის ივანიშვილის სტუდენტობის მეგობარია, ასევე სააკაშვილი იგონებს, რომ ის და ტრამპი ახლო მეგობრები არიან. იურისტის თქმით, უკრაინაში იარაღით ვაჭრობა იმდენად დიდ ფულთან არის დაკავშირებული, რომ ტრამპსა და პოროშენკოს შორის ათი სააკაშვილი, რომ ჩადგეს მაინც ვერ გადაწონის.

საქართველოს მესამე პრეზიდენტს უკრაინიდან ექსტრადირებისა და საქართველოში წაყენებული ბრალდებების დამტკიცების შემთხვევაში, 7-დან 11 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

მიხეილ სააკაშვილი ბრალი სისხლის სამართლის 3 საქმეზე აქვს წაყენებული სსკ 182-ე – სხვისი ქონების მითვისება, დაუფლება და გაფლანგვა; სსკ 333-ე და 332-ეს მეორე ნაწილი, მაღალი თანამდებობის პირის მიერ თანამდებობის ბოროტად გამოყენება.

აღკვეთის ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა სასამართლოს მიერ მიხეილ სააკაშვილს 2014 წელს შეეფარდა.

ბრალის ფორმულირების მიხედვით, საქმე ეხება 7 ნოემბერს მომიტინგეთა მასობრივ დარბევას, ტელეკომპანია იმედში შეჭრას და არკადი პატარკაციშვილის კუთვნილი ქონების დანაშაულებრივად ხელში ჩაგდებას. წაყენებული ბრალი 5-დან 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

იმ შემთხვევაში თუ უკრაინა საქართველოს პროკურატურის მოთხოვნის საფუძველზე მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ექსტრადირებას მოახდენს და მას ქართული სასამართლო ბრალს დაუმტკიცებს, ექსპრეზიდენტს 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. წაყენებული 3 ბრალიდან სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლი ყველაზე მაღალ სასჯელს ითვალისწინებს. შესაბამისად, სამივე საქმეზე დამნაშავედ ცნობის შემთხვევაში, ის დანარჩენ სასჯელს შთანთქავს.

 

ავტორი: ელზა პაპოშვილი

 

 

 

იტვირთბა....