საფეხბურთო კლუბ “ჩიხურას” გენერალურმა დირექტორმა, ბერიკა შუკაკიძემ ტელეკომპანია “პირველის” ეთერში ფეხბურთელ გურამ კაშიას მხარდაჭერა გამოუცხადა.
როგორც მან აღნიშნა, ის უერთდება გურამს და გმობს ნებისმიერი ტიპის ძალადობას:
“აქ პროპაგანდა არაფერს შუაშია. აქ არის ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დაცვა. ადამიანის უფლებას რის გამო დაარღვევ – ეს იქნება ლგბტ თემის კუთვნილების გამო, პოლიტიკური კუთვნილების გამო, თუ რელიგიური კუთვნილების გამო, რა მნიშვნელობა აქვს. ყველა ფორმის ძალადობა ძალადობაა”- აღნიშნა მან.
“ეს ჰომოფობია უნდა დამთავრდეს ამ ქვეყანაში” – აღნიშნა ბერიკა შუკაკიძემ გადაცემაში “ხალხის პოლიტიკა”.
შეგახსენებთ, გურამ კაშიამ ჰოლანდიაში, ერთ-ერთ მატჩზე, სხვა გუნდების კაპიტნებთან ერთად, ლგბტ სამკლაური გაიკეთა, რომლითაც ძალადობა გააპროტესტა. მის ამ საქციელს საქართველოში არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა. მან კი საპასუხო განცხადება გააკეთა:
“მე მხარს ვუჭერ ადამიანის თავისუფლებას და წინააღმდეგი ვარ ძალადობის. მხარს ვუჭერ ადამიანს, რადგანაც ის არაფერს საზიანოს არ აკეთებს სხვების მიმართ. ეს არის ჩემი ხედვა. ჩემს ქვეყანაში რთულია აუხსნა ეს, რადგან ზოგიერთი ადამიანი ვერ იგებს, განსაკუთრებით, ფეხბურთის გულშემატკივრები. რამდენიმე ადამიანმა ღიად გამოხატა [კრიტიკა] ჩემი ფეისბუკის გვერდზე და არ ვაპირებ ყურადღება მივაქციო მათ. არ ვნანობ, რაც გავაკეთე. ეს, რა თქმა უნდა, ჩემი პასუხისმგებლობაა. მე არ მაღელვებს, ვინ ხარ, რას აკეთებ შენს ცხოვრებაში, რამდენადაც სხვისთვის ზიანი არ მოგაქვს. იყავი ის, ვინც ხარ.” – აღნიშნა კაშიამ.

