ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

კალაძე: რატომ უნდა გაირიცხოს ნაკრებიდან, რა დააშავა კაშიამ?

თბილისის ახლადარჩეულმა მერმა კახა კალაძემ კომენტარი გააკეთა იმ გავრცელებულ მოსაზრებასთან დაკავშირებით, რომლის მიხედვითაც, ფეხბურთელი გურამ კაშია საქართველოს ნაკრებიდან ლგბტ თემის მხარდასაჭერად მის მიერ გაკეთებული ჟესტის გამო უნდა გაირიცხოს.

კალაძე აცხადებს, რომ მიუხედავად სარწმუნოებისა და სექსუალური ორიენტაციისა, ნებისმიერ ადამიანს აქვს უფლება გამოხატოს თავისი ხედვები, დააფიქსიროს თავისი აზრი.

“მიუხედავად სარწმუნოებისა, მიუხედავად სექსუალური ორიენტაციისა, ნებისმიერ ადამიანს აქვს უფლება გამოხატოს თავისი ხედვები, დააფიქსიროს თავისი აზრი.
ნაკრებიდან არ ვიცი, რატომ უნდა გაირეცხოს, რა დააშავა კაშიამ?”- განაცხადა კალაძემ.

შეგახსენებთ, გურამ კაშიამ ჰოლანდიაში, ერთ-ერთ მატჩზე, სხვა გუნდების კაპიტნებთან ერთად, ლგბტ სამკლაური გაიკეთა, რომლითაც ძალადობა გააპროტესტა. მის ამ საქციელს საქართველოში არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა. მან კი საპასუხო განცხადება გააკეთა:

“მე მხარს ვუჭერ ადამიანის თავისუფლებას და წინააღმდეგი ვარ ძალადობის. მხარს ვუჭერ ადამიანს, რადგანაც ის არაფერს საზიანოს არ აკეთებს სხვების მიმართ. ეს არის ჩემი ხედვა. ჩემს ქვეყანაში რთულია აუხსნა ეს, რადგან ზოგიერთი ადამიანი ვერ იგებს, განსაკუთრებით, ფეხბურთის გულშემატკივრები. რამდენიმე ადამიანმა ღიად გამოხატა [კრიტიკა] ჩემი ფეისბუკის გვერდზე და არ ვაპირებ ყურადღება მივაქციო მათ. არ ვნანობ, რაც გავაკეთე. ეს, რა თქმა უნდა, ჩემი პასუხისმგებლობაა. მე არ მაღელვებს, ვინ ხარ, რას აკეთებ შენს ცხოვრებაში, რამდენადაც სხვისთვის ზიანი არ მოგაქვს. იყავი ის, ვინც ხარ.” – აღნიშნა კაშიამ.

იტვირთბა....