ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

კიევის მახლობლად ჩეჩენი მებრძოლი ამინა ოკუევა მოკლეს

კიევში, აღმოსავლეთ უკრაინაში ცენტრალური ხელისუფლების მხარეს მებრძოლი, ჩეჩენი ამინა ოკუევა მანქანაში ჩაცხრილეს. ადგილობრივი მედიის ცნობით, მასთან ერთად იმყოფებოდა მისი მეუღლე ადამ ოსმაევი.

შემთხვევა გუშინ, კიევიდან 35 კილომეტრის მოშორებით მოხდა. ადგილობრივი მედიის ცნობით, გაჩერებულ ავტომობილს ბუჩქებიდან უცნობმა პირმა ცეცხლი გაუხსნა. ერთ-ერთი ტყვია ამინა ოკუევას თავში მოხვდა, რის შედეგადაც ის ადგილზე გარდაიცვალა. მისი მეუღლე ადამ ოსმაევი კი ფეხში დაიჭრა, მაგრამ მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

მკვლელობის ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე შეკვეთით განხორციელებული განზრახ მკვლელობის მუხლით აღიძრა. ამის შესახებ კიევის ოლქში ეროვნული პოლიციის მთავარი სამმართველოს წარმომადგენელმა ნიკოლაი ჟუკოვიჩმა ტელეკომპანია „112 უკრაინას“ ეთერში განაცხადა.

„შემიძლია გითხრათ, რომ სისხლის სამართლის საქმე აღძრულია 115-ე მუხლის მე-11 პუნქტით (შეკვეთით განხორციელებული განზრახ მკვლელობა). საგამოძიებო-ოპერატიული ჯგუფი განაგრძობს მუშაობას, ოპერატიული თანამშრომლები შესაძლო მოწმეებს ესაუბრებიან“, – განაცხადა მან.

ამინა ოკუევა ე.წ. ღირსების რევოლუციის მონაწილეა. ის დონბასში ბატალიონ „კიევი 2-ის“ შემადგენლობაში იბრძოდა, რის გამოც შს მინისტრმა, არსენ ავაკოვმა ის იარაღით დააჯილდოვა. ამინა ოკუევასა და მის ქმარზე თავდასხმა პირველად არ განხორციელებულა. მათ კიევში 1-ელ ივნისსაც გაუხსნეს ცეცხლი.

ამინა ოკუევას მეუღლეს, ადამ ოსმაევს რუსეთის ხელისუფლება პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინზე თავდასხმის დაგეგმვაში ადანაშაულებს.

ადამ ოსმაევი 2012 წელს ოდესაში, ერთ-ერთ საცხოვრებელ ბინაში აფეთქების განხორციელების ბრალდებით დააკავეს. აფეთქების შედეგად, მაშინ რუსეთის მოქალაქე რუსლან მადაევი დაიღუპა, ხოლო დაშავდა ყაზახეთის მოქალაქე ილია პიანზინი. უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა მაშინ განაცხადა, რომ აფეთქება ბომბის დამზადების დროს მოხდა.

გამოძიების ვერსიით, სამი მამაკაცი ვლადიმერ პუტინზე თავდასხმას გეგმავდა. შედეგად, პიანზინი რუსეთს გადასცეს, სადაც მას 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. ოსმაევის ექსტრადირების პროცესი კი ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში მისი მიმართვის საფუძველზე შეჩერდა.

2014 წელს ისმაევი ჯოხარ დუდაევის სახელობის ჩეჩნურ ბატალიონში გაწევრიანდა და დონბასში უკრაინელი სამხედროების მხარეს იბრძოდა.

იტვირთბა....