ბერა ივანიშვიმა დღეს სოციალურ ქსელ “ფეისბუქის” საშუალებით, საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის თავისი სტუდიის აპარატურის ჩუქების სურვილი გამოთქვა. ამასთან დაკავშირებით, საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის მრჩეველმა ია ანთაძემ კომენტარი გააკეთა.
ია ანთაძის განცხადებით, მიიღებს თუ არა მაუწყებელი საჩუქარს, ეს მას შემდეგ გახდება ცნობილი, რაც საკითხს იურისტები გაეცნობიან.
“საქმე ის არის, რომ საკმაოდ რთული თემაა ჩვენთვის. პროცედურულად ჯერ არ ვიცით როგორ შეიძლება გადაწყდეს. ჩვენთვის მთავარია, რომ არ დავრჩეთ განათების გარეშე. გადაცემები ეთერში შემდეგი კვირის ორშაბათიდან გადის. დღეს ვერაფერს გეტყვით. თავისი პროცედურები აქვს. საკითხია არის არა მხოლოდ ის გვაჩუქებენ თუ არა და ვიჩუქებთ თუ არა, არამედ ის, რომ საერთოდ არ დავრჩეთ განათების გარეშე. ჩვენმა იურისტებმა ჯერ საკითხი უნდა შეისწავლონ და მერე გავცემთ ამ კითხვებზე პასუხს. დიდი მადლობა ბერას ამ შემოთავაზებისთვის, მაგრამ ამან შეიძლება ის გამოიწვიოს, რომ საერთოდ ვერ გავიდეს გადაცემები ეთერში განათების გარეშე. ცოტა დრო გვჭირდება იმისთვის, რომ მოვიფიქროთ რას გავაკეთებთ. თქვენც ხომ ხედავთ, რომ გადაწყვეტილებების მისაღებად ცოტა დრო გვაქვს. ხვალ ალბათ წესით ცოტა მეტი უნდა ვიცოდეთ”, – განაცხადა ია ანთაძემ.
შეგახსენებთ, რომ ბერა ივანიშვილმა “ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე პირველი არხის მიერ GDS-ის კუთვნილი აპარატურის დაქირავების თემაზე განცხადება გააკეთა.