რამდენიმე დღის წინ, ნუცუბიძის ფერდობზე პოლიციელების დაკავებისას გარდაცვლილი პაატა პავლიაშვილის ოჯახი თბილისის პროკურატურაში იმყოფება. მიუხედავად იმისა, რომ გარდაცვლილის ოჯახი ჯერჯერობით დაზარალებულის სტატუსით არ სარგებლობს, მათ სავარაუდოდ საქმის მასალებს გააცნობენ.
ოჯახის ადვოკატმა ლევან ვეფხვაძემ დღის პირველ ნახევარში განაცხადა, რომ მან ოჯახის თხოვნა მასალების გაცნობასთან დაკავშირებით და დაზარალებულის სტატუსის მინიჭების თხოვნით პროკუტარურას მიმართა. ადვოკატმა განცხადება უწყებაში დღის პირველ ნახევარში შეიტანა. პავლიაშვილის მეუღლე დაზარალებულის უფლებამონაცვლედ ცნობასა და საქმის მასალების გაცნობას ითხოვს.
პროკურატურის ინფორმაციით, ნუცუბიძის ქუჩაზე მომხდარი ფაქტის შედეგად გარდაცვლილი პაატა პავლიაშვილის ოჯახი გამოძიების მასალებს ეცნობა. უწყების ინფორმაციით, ოჯახს მომავალშიც ექნება სრული წვდომა სისხლის სამართლის მასალებთან და მიმდინარე გამოძიების შესახებ ამომწურავ ინფორმაციას მიიღებენ.
„საქართველოს პროკურატურის გადაწყვეტილებით, 25 ოქტომბერს, ნუცუბიძის ფერდობზე მომხდარი ფაქტის შედეგად გარდაცვლილი პ.პ. – ს ოჯახის წევრები, მათი ინტერესების დამცველ ადვოკატთან ერთად ეცნობიან გამოძიების მასალებს, მათ მომავალშიც ექნებათ სრული წვდომა სისხლის სამართლის საქმის მასალებთან და მიიღებენ ამომწურავ ინფორმაციას მიმდინარე გამოძიების შესახებ“, – აცხადებენ პროკურატურაში.
ნუცუბიძის ქუჩაზე, პატრულის მიერ დაკავებისას გარდაცვლილი პაატა პავლიაშვილის ოჯახი თბილისის პროკურატურაში ამ დრომდე იმყოფება. ოჯახი ადვოკატთან ერთად საქმის მასალებს ეცნობა.
შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ, ნუცუბიძის მე-4 პლატოზე ინციდენტი მოხდა. როგორც თვითმხილველები ამბობენ, მამაკაცი იგინებოდა და ორმა პოლიციელმა მისი დაკავება სცადა. მანამდე კონფლიქტი მოხდა მასსა და მის მეზობელს შორის და როგორც ჩანს, დაღუპული მეზობელზე იყო გაღიზიანებული. დაკავებისას, ხელის გადაგრეხვის დროს, მოქალაქე უცებ წაიქცა და რამდენიმე ხანში გარდაიცვალა.
მომხდარზე პროკურატურამ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობის შესაძლო ფაქტს გულისხმობს.