აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის განცხადებით, ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა სტრატეგიული დანიშნულების ისტორიული პროექტია. ამის შესახებ ალიევმა რკინიგზის გახსნის ოფიციალურ ცერემონიაზე განაცხადა.
„დღევანდელ საზეიმო ღონისძიებაზე ჩამოვიდნენ სტუმრები მოძმე, მეგობრული ქვეყნებიდან. დღეს მე განსაკუთრებით მივესალმები თურქეთის პრეზიდენტს რეჯეფ ტაიპ ერდოღანს, საქართველოს, უზბეკეთის, ყაზახეთის პრემიერებს, ტაჯიკეთის, თურქმენეთის მინისტრებს და მათ მადლობას ვუცხადებ ამ ცერემონიაში მონაწილეობისთვის.
ძვირფასო სტუმრებო, თქვენი მონაწილეობა ამ ღონისძიებაში კიდევ ერთხელ აჩვენებს ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის მნიშვნელობას. ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა სტრატეგიული დანიშნულების ისტორიული პროექტია. ამ გზის სიგრძე 850 კილომეტრს წარმოადგენს, აქედან 504 კილომეტრი აზერბაიჯანის ტერიტორიაზე გადის“, – განაცხადა ალიევმა.
აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა ევროპის აზიასთან დამაკავშირებელი ყველაზე მოკლე და საიმედო გზაა.
„ამ გზის საშუალებით პირველ ეტაპზე იგეგმება ხუთი მილიონი ტონა ტვირთის გადატანა, მომდევნო ეტაპზე – 17 მილიონი ტონა, მოგვიანებით – კიდევ უფრო მეტი მოცულობის. ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა ევრაზიის სატრანსპორტო რუკის მნიშვნელოვანი ნაწილი ხდება“, – განაცხადა ილჰამ ალიევმა.