ნუცუბიძის ფერდობზე, პატრულის მიერ დაკავებისას გარდაცვლილი პაატა პავლიაშვილის ოჯახი დაზარალებულის უფლებამონაცვლის სტატუსის მინიჭებასა და საქმის მასალების გაცნობას ითხოვს. ამის შესახებ ინფორმაციას ოჯახის უფლებების დამცველი საია-ს იურისტი ლევან ვეფხვაძე ავრცელებს. მისი თქმით, ოჯახმა შესაბამისი განცხადება თბილისის პროკურატურაში მისი შუამავლობით შეიტანა.
ვეფხვაძის განცხადებით, ოჯახი ასევე საქმისთვის კვალიფიკაციის შეცვლას ითხოვს და ოფიციალური წერილით საგამოძიებო ორგანოს უახლოეს დღეებში მიმართავს. იურისტი მიიჩნევს, რომ გამოძიება სასმსახურებრივი გულგრილობის მუხლით უნდა გაგრძელდეს.
შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ, ნუცუბიძის მე-4 პლატოზე ინციდენტი მოხდა. როგორც თვითმხილველები ამბობენ, მამაკაცი იგინებოდა და ორმა პოლიციელმა მისი დაკავება სცადა. მანამდე კონფლიქტი მოხდა მასსა და მის მეზობელს შორის და როგორც ჩანს, დაღუპული მეზობელზე იყო გაღიზიანებული. დაკავებისას, ხელის გადაგრეხვის დროს, მოქალაქე უცებ წაიქცა და რამდენიმე ხანში გარდაიცვალა.
მომხდარზე პროკურატურამ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობის შესაძლო ფაქტს გულისხმობს.