სააგენტო Reuters-ი ავრცელებს ინფორმაციას, რომ კატალონიის ლიდერმა შესაძლოა ბელგიას თავშესაფარი სთხოვოს.
ბელგიის სახელმწიფო მდივანმა მიგრაციის საკითხებში ტეო ფრანკენმა განაცხადა, რომ მიმართვის შემთხვევაში შესაძლოა ბელგიამ პუჩდემონის მოთხოვნა დააკმაყოფილოს.
“ესპანეთის ხელისუფლება უკვე საუბრობს ციხეზე და მე ვსვამ კითხვას, როგორ შეიძლება ასეთ სიტუაციაში საუბარი თავისუფალ სასამართლოზე?“, – განაცხადა ფლამანდიური ნაციონალისტური პარტიის წვერმა ფრანკენმა.
ბელგიის პრემიერ-მინისტრმა შარლ მიშელმა „ტვიტერით” ბარსელონასა და მადრიდს დიალოგისკენ მოუწოდა.
რაც შეეხება კატალონიის პრეზიდენტდ კარლოს პუჩდემონს, რომელიც ესპანეთის ხელისუფლებამ თანამდებობიდან დაითხოვა, მოუწოდებს კატალონიის მოსახლეობას რეგიონის შიდა მმართველობას “დემოკრატიული წინააღმდეგობა“ გაუწიონ.
პუჩდემონი აღნიშნავს, რომ მადრიდის ქმედებები კატალონიელების თავისუფალ ნებას ეწინააღმდეგება და სწორედ ამიტომ “საუკეთესო საშუალებაა – დემოკრატიული წინააღმდეგობა“.
ეს იყო პუჩდემონის პირველი გამოსვლა მას შემდეგ რაც კატალონიის პარლამენტმა დამოუკიდებლობა გამოაცხადა.
შეგახსენებთ, რომ ესპანეთის ხელისუფლებამ კატალონიის პრეზიდენტის და ვიცე-პრეზიდენტის მოვალეობის შესრულება ესპანეთის პრემიერ-მინისტრის მოადგილეს სორაია საენს დე სანტამარიოს დააკისრა.
შესაბამისად, კატალონიის მთავრობის სხვა მინისტრების მოვალეობებს ესპანეთის ხელისუფლების კონკრეტული პროფილის პირველი პირები შეასრულებენ.