პოლონური გამოცემისთვის მიცემულ ინტერვიუში უკრაინის ყოფილმა პრეზიდენტმა, ვიქტორ იუშჩენკომ, აღნიშნა, რომ “უკრაინის ხელისუფლება დონბასში ომს ხშირად თავისი არაეფექტური პოლიტიკის გასამართლებლად იყენებს”.
მისივე თქმით, “მიხეილ სააკაშვილი ყვითელ ბარათს აჩვენებს, რომელიც ცხადყოფს, რომ მმართველები უფრო პასუხისმგებლიანი და თანმიმდევრულები უნდა იყვნენ”.
თუმცა, უკრაინის ყოფილი პრეზიდენტი დასძენს, რომ საბრძოლო მოქმედებები, რომელიც აღმოსავლეთ რეგიონებში უკვე სამი წელია, გრძელდება, უკრაინაში რეფორმებს არ აფერხებს და მსგავს სიტუაციაში ქვეყნის განვითარების მაგალითად ისრაელი დაასახელა.
იუშჩენკო, ასევე, ხელისუფლების ფინანსურ პოლიტიკას აკრიტიკებს. მისი თქმით, უკრაინაში კორუფციის ყველაზე მაღალი დონეა. რადასთან შეკრებილი ხალხი სწორედ ამიტომ ითხოვს ანტიკორუფციული სასამართლოს შექმნას.
ამასთანავე, ხელისუფლებამ ქვეყანა ოლიგარქებისგან ვერ გაწმინდა, ეს კი იუშჩენკოს შეფასებით, უკრაინას არა მარტო ეკონომიკურ, არამედ სოციალურ პერსპექტივასაც ართმევს.
იუშჩენკო, ასევე, აღნიშნავს, რომ სტაბილური ეროვნული ვალუტა რუსეთთან ბრძოლის ეფექტური მეთოდია.
“აქ საუბარია არა ომზე, არამედ სუსტ ფინანსურ, მონეტარულ და საბანკო პოლიტიკაზე,” – ამბობს ვიქტორ იუშჩენკო.

