დედოფლისწყაროსა და სიღნაღის მუნიციპალიტეტების შემდეგ, თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი ბიოუსაფრთხოების პუნქტი უკვე ყვარელში გაიხსნა.
ბიოუსაფრთხოების პუნქტი ბეტონის საფარით მოწყობილი შემოღობილი ტერიტორიაა, სადაც განთავსებულია პირუტყვის სადეზინსექციო-გასაბანი აუზები, სადეზინსექციო საშხაპეები, წყლის რეზერვუარები, საწყობი და ვეტპუნქტი.
ბიოუსაფრთხოების პუნქტების მოწყობის უმთავრესი მიზანია გადასარეკ ტრასებზე დაავადებული პირუტყვის გადაადგილებისა და, შესაბამისად, ინფექციების გადატანა-გავრცელების თავიდან აცილება.
„მეცხვარეობის და მესაქონლეობის განვითარებისთვის ჩვენ კომპლექსურ სამუშაოებს ვატარებთ. მათ შორის, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია გადასარეკი ტრასების იდენტიფიკაცია, რეგისტრაცია და საბოლოოდ სწორი ადმინისტრირება. ეს უკვე მე-5 პუნქტია კახეთისა და ქვემო ქართლის რეგიონში. დაგეგმილია კიდევ ერთი პუნქტის გახსნა, რაც ხელს შეუწყობს ქვეყნის მასშტაბით ცხვრისა და მსხვილფეხა პირუტყვის გადაადგილების კონტროლს და ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვას“, – აღნიშნა სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა.
ახლადგახსნილი ბიოუსაფრთხოების პუნქტი გადასარეკი ტრასის სტრატეგიულად საკვანძო ადგილზე მდებარეობს, სადაც სეზონურად მაღალია პირუტყვის ნაკადის საძოვრებზე გადაადგილება.
ბიოუსაფრთხოების პუნქტში შესაძლებელია დღეში 3 ათასამდე წვრილფეხა და მსხვილფეხა პირუტყვის პარაზიტების საწინააღმდეგო საშუალებებით დამუშავება. გამოიყენება მაღალი ხარისხის ინსექტოაკარიციდული პრეპარატები.
აღსანიშნავია, რომ სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტები ფერმერებს უსასყიდლოდ ემსახურებიან.