ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ტყიბულის შახტაში მოპოვებითი სამუშაოები ამდროისთვის შეწყვეტილია

ტყიბულის შახტში გუშინ მომხდარი უბედური შემთხვევის ადგილზე მთელი ღამის განმავლობაში იმყოფებოდნენ ეკონომიკისა და ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები. მათი გადაწყვეტილებით, შახტაში სამთო მასის ჩამოშლა მიმდინარეობს, ამიტომ ადგილზე მოპოვებითი სამუშაოები შეწყდა.

სამინისტროების მხრიდან გაიცა განკარგულება, რომ შემთხვევის ადგილზე მხოლოდ გამაგრებითი და გაწმენდითი სამუშაოები ჩატარდეს.

“პერიოდულად მიმდინარეობს შემოწმება, ექვს თვეში ერთხელ ან არაგეგმიურად უბედური შემთხვევების დროს. ტექნიკური ხარვეზები ხშირად არის, თუმცა კრიტიკული შეუსაბამობები იშვიათად. ძირითადად არის პირველი ან მეორე ხარისხის არსებითი შეუსაბამობები,”- განაცხადა ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს უფროსმა გრიგოლ კაკაურიძემ.

შეგახსენებთ, რომ გუშინ ტყიბულის შახტაში დავით ფორჩხიძე დაიღუპა. წინასწარი ვერსიით, უბედური შემთხვევის მიზეზი სამთო მასის ჩამოშლა გახდა.

გუშინვე ტყიბულში, მინდელის სახელობის შახტაში, ეკონომიკის სამინისტროს ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოსა და ჯანდაცვის სამინისტროს შრომისა და დასაქმების პოლიტიკის დეპარტამენტის წარმომადგენლები გაემგზავრნენ.

შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.

იტვირთბა....