შეიარაღებულ ძალებზე დემოკრატიული კონტროლის ჟენევის ცენტრი (DCAF) უსაფრთხოების სექტორის რეფორმირებისა და მართვის საკითხებში მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი ორგანიზაციაა.
ორგანიზაციის დირექტორის მოადგილე ფილიპ ფლური საქართველოში სამუშაო ვიზიტით იმყოფება.
აღმოსავლეთ ევროპის, სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალური აზიის ქვეყნებში DCAF-ის წარმომადგენელს თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ უმასპინძლა.
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე ლელა ჩიქოვანმა და ფილიპ ფლურმა საქართველოს თავდაცვის უწყებასა და DCAF-ს შორის თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.
საუბრის ერთ-ერთ თემას თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლასთან (DIB) თანამშრომლობის გაღრმავება წარმოადგენდა, ამიტომ შეხვედრას DIB-ის დირექტორი, თეა ნიკოლაიშვილიც დაესწრო.
DCAF-ს ორგანიზაცია სახელმწიფო და საერთაშორისო დონეზე დემოკრატიული სტანდარტების დანერგვას ხელს უწყობს. ასევე, DCAF ქვეყნებს საინფორმაციო-საკონსულტაციო დახმარებასაც უწევს.