ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“მე რომ მეტი ფული მქონოდა უფრო მეტს გავაკეთებდი”

პირველად არჩევნების შემდეგ, ჯერ კიდევ მოქმედმა მერმა, დავით ნარმანიამ ტელეკომპანია “პირველის” პირდაპირ ეთერში მისი 3-წლიანი მუშაობა შეაფასა. ნარმანიას თქმით, საკმაოდ დატვირთული რეჟიმი ჰქონდა და დღეში მინიმუმ ორასი საშუალო და რთული გადაწყვეტილების მიღება უწევდა.

“წასვლა არ არის მაინცდამაინც დიდ სირთულეებთან დაკავშირებული. ყოველთვის, როცა არჩევნებია უნდა შეეგურო, რომ ხარ 1 ან 2 ვადით. გუშინწინ, 25 ოქტომბერს, გახდა 5 წელი, რაც ვარ ხელისუფლებაში. საკმაოდ დატვირთული რეჟიმი მქონდა. როცა ასეთი რეჟიმი გაქვს, მუშაობ და შემდეგ გარკვეული შედეგებიც გაქვს, ესეთ დროს შედარებით მარტივია ასეთი გადაწყვეტილების მიღება, რომ წახვიდე ისეთ სექტორში, სადაც ასეთი დატვირთვა არ გექნება და ოჯახისთვისაც მოიცლი.” – განაცხადა დავით ნარმანიამ.

ნარმანია თავის მთავარ შეცდომად ნდობის ფაქტორს მიიჩნევს და აღნიშნავს, რომ შეიძლებოდა მეტი სიმკაცრის შემთხვევაში უკეთესი მმართველიც ყოფილიყო.

“როცა დატვირთული რეჟიმი გაქვს ასეთ შემთხვევაში ბუნებრივია არსებობს შეცდომები. უხეში შეცდომები არ დამიშვია და საზოგადოებაც იტყვის შეცდომები მქონდა თუ არა. ჩემი ხასიათიდან გამომდინარეობს ის, რასაც შეიძლება ვუწოდოთ შეცდომა ეს არის ის, რომ ყველას ვენდობი. როცა ხელს ჩამოვართმევ ადამიანს, იქ იწყება ჩემი ნდობა და ეს არასდროს მთავრდება. სამწუხაროდ, იყო შემთხვევები როცა ეს არ გამართლდა. შეიძლებოდა უფრო მკაცრიც ვყოფილიყავი. ჩემი მეგობრებიც მეუბნებიან, რომ უფრო მეტი სიმკაცრის შემთხვევაში უკეთესი მმართველი ვყოფილიყავი. მე შედარებით უფრო დემოკრატი ვიყავი. ჩემი როგორც მმართველის ხასიათი არის მეგობრული.” – განმარტა ნარმანიამ.

მოქმედი მერის თქმით, ყოველთვის ჰქონდა გუნდის მხარდაჭერა, კერძოდ პრემიერ-მინისტრების.

“საერთოდ სამინისტრო გაცილებით უფრო მარტივი სამართავია, რადგან სამინისტროში სულ რამდენიმე მიმართულებაა, მაშინ როცა ქალაქის მერიაში უამრავი მიმართულებაა. დღეში ქალაქის მერი იღებს მინიმუმ ორას საშუალო და რთულ გადაწყვეტილებას. მე ყოველთვის მქონდა გუნდის ლიდერის და პრემიერ-მინისტრების მხარდაჭერა. როგორც ივანიშვილის მხრიდან, თავის დროზე, როცა მან წარმადგინა დედაქალაქის მერად. შემდეგ უკვე ღარიბაშვილისგან და დღემდე ძალიან დიდი მხარდაჭერა მაქვს კვირიკაშვილისგან.” – აღნიშნა დავით ნარმანიამ.

ნარმანიას თქმით, მან კახა კალაძეს ტელეფონით მიულოცა გამარჯვება და მის მეგობრად რჩება. მან აღნიშნა, რომ თავად უფრო მეტად სამეურნეო ტიპის მმართველი იყო, კალაძე კი უფრო პოლიტიკური ტიპის მმართველი იქნება.

დავით ნარმანიას შეფასებით, რესურსებისა და დროის გათვალისწინებით, შესაძლებლობების მაქსიმუმი გააკეთა და მომავალი მერისგან განსხვავებით, მას ნაკლები რესურსი დრო და ფული ჰქონდა.

“მე, რომ მეტი ფული მქონოდა უფრო მეტს გავაკეთებდი. მიუხედავად ყველაფრისა, სტიქიიდან 1 თვის თავზე წარმატებულად ჩავატარეთ ევროპული ახალგაზრდული ჩემპიონატი და ევროპის სუპერ თასი. მე მქონდა 3 წელი და 3 თვე, როცა მომავალ მერს 4 წელი აქვს. რესურსებიც მეტი ექნება, რადგან ეკონომიკური ზრდის კვალობაზე ბიუჯეტი იმატებს. მეორეს მხრივ, ჩვენ რამდენიმე კარგი მოლააპრაკება გვქონდა საერთაშორისო დონორ ორგანიზაციებთან, რომლებიც მომავალში მეტ პროექტებს დააფინანსებენ.” – განაცხადა ნარმანიამ.

იტვირთბა....