ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

მთავარეპისკოპოსი სპირიდონი: კალაძე დაღუპულია, წარწყმედილი და ჯოჯოხეთშია (ვიდეო)

“გათახსირება” – ასე უწოდა სხალთელმა მთავარეპისკოპოსმა სპირიდონმა კახა კალაძის მხრიდან გურამ კაშიასთან დაკავშირებულ განცხადებებს. კალაძე “დაღუპულია, წარწყმედილი და ჯოჯოხეთშია” და ის ევედრება უფალს, რომ იქიდან ამოვიდეს. სპირიდონმა გურამ კაშიას საწყალი, თავისი თავის უბედური და ავადმყოფი უწოდა.

სპირიდონი ამბობს, რომ კალაძე ხალხმა დიდი სიხარულით აირჩია, თუმცა მის მიერ გაკეთებული განცხადებები სამარცხვინოა. – ამბობს სხალთელი მთავარეპისკოპოსი.

აღსანიშნავია, რომ მთავარეპსიკოპოსმა ქადაგებისას სექსუალური უმცირესობებიც მოიხსენია და მათ “პიდარასტები” უწოდა.

“რა უბედურებაა ეს? ვახტანგ გორგასლის, თამარ მეფის, დავით აღმაშენებლის ქალაქის ხელმძღვანელი ამნაირ გათახსირებას უნდა ამბობდეს? ამის გულისთვის ჩაიქცა საქართველოში მილიონობით ქართველი მებრძოლის სისხლი, რომ დღეს ვიღაც, არ ვიცი, რა ვუწოდო იმ ადამიანს, ვიღაც ასეთი გამოდიოდეს და პიდარასტების აგიტაცია/პროპაგანდას აკეთებდეს საქართველოში და მის დედაქალაქში? ამის გულისთვის ეწამა 100 წმინდა მოწამე? ხელიდან არის ეს კაცი წასული”, – თქვა მთავარეპისკოპოსმა.

შეგახსენებთ, თბილისის ახლადარჩეული მერი კახა კალაძე გამოეხმაურა გურამ კაშიას მხარდაჭერას ლგბტ პერსონებისადმი. მისი თქმით, არ უნდა ხდებოდეს ადამიანების დისკრიმინაცია სექსუალური ორიენტაციის გამო.

“ნეტგაზეთის” კითხვაზე, მხარს უჭერს თუ არა გურამ კაშიას ნაბიჯს და მიაჩნია თუ არა, რომ ფეხბურთში არ უნდა ხდებოდეს ადამიანების დისკრიმინაცია სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის გამო, კალაძემ ასე უპასუხა:

“მე არ ვიცი, ვინ რა განცხადებები გააკეთა. თუმცა ის, რომ ანტიდისკრიმინაციული კანონი ჩვენი ხელისუფლების პირობებში იქნა მიღებული, ეს არის მისასალმებელი. გამოხატვის თავისუფლება არის ძალიან მნიშვნელოვანი. ჩვენ ვართ დემოკრატიული ქვეყანა, ყველა ადამიანს აქვს უფლება, მიუხედავად მისი ეროვნებისა, მრწამსისა თუ სექსუალური ორიენტაციისა, გამოხატოს თავისი შეხედულებები”, -განაცხადა კახი კალაძემ.

ორი კვირის წინ საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი და არნემის “ვიტესის” კაპიტანი გურამ კაშია ერედივიზიონის მატჩში გუნდს ლგბტ დროშის სამკლაურით გაუძღვა ისევე, როგორც სხვა კლუბების ლიდერები, რითაც ლგბტ ადამიანებს მხარდაჭერა გამოუცხადა.

ჰოლანდიის უმაღლეს საფეხბურთო ლიგაში დაწყებული კამპანიის ორგანიზატორები აცხადებენ, რომ სპორტი უნდა იყოს ყველასათვის, მიუხედავად კულტურული ფონისა, კანის ფერის, რასის, სექსუალური ორიენტაციისა თუ რელიგიისა. ერედივიზიონის განცხადებით, ყველას შეუძლია მონაწილეობა მიიღოს ან იყოს გულშემატკივარი მისი საყვარელი სპორტის სახეობის.

გურამ კაშიას ჩართულობას ლგბტ ადამიანების უფლებების მხარდამჭერ კამპანიაში მიესალმებიან საქართველოში მომუშავე ადამიანის უფლებების დამცველი ორგანიზაციები. თანასწორობის მოძრაობა დადებითად აფასებს კაპიტნის მხარდამჭერ, გაბედულ ნაბიჯს. ორგანიზაცია აცხადებს, რომ მსგავსი ჟესტები მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ ფეხბურთის მრავალრიცხოვანი გულშემატკივარი დაფიქრდეს, უფრო მეტად მნიშვნელოვანი კი საქართველოშია, სადაც ჰომოფობიური განწყობები განსაკუთრებით ძლიერია.

netgazeti.ge

იტვირთბა....