ე.წ. ციანიდს საქმის მოსამართლე ბესიკ ბუგიანიშვილმა პროკურატურა დატოვა. ის “ციანიდის საქმის” სხდომის მდივანთან ერთად გამოკითხვაზე იყო. საქმე მოწმეთა ჩვენებების მედიასაშუალებებში გავრცელების ფაქტს ეხება. როგორც მოსამართლემ განაცხადა, დახურული სხდომის ოქმი არავისთვის გადაუცია. მისი თქმით, ოქმზე წვდომა მხოლოდ მას, მდივანს, დაცვისა და ბრალდების მხარეს ჰქონდა:
“არ გადამიცია სხდომის ოქმი არავისთვის, ეს გამოძიებამ უნდა გაარკვიოს. დახული სხდომის ოქმთან წვდომა ჰქონდა მოსამართლეს, სხდომის მდივანს, დაცვისა და ბრალდების მხარეს. მესამე პირისთვის გადაცემას მოახდენდა ან მოსამართლე, ან მდივანი, ან დაცვა, ან ბრალდების მხარე. მე დასამალი არაფერი მქონდა, მივეცი ჩვენება, რომ არაფერი გადამიცია. ვერაფერს ვიტყვი, გამოძიებამ უნდა თქვას. რა თქმა უნდა რაც მოხდა, ეს კანონდარღვევაა. დაცვის მხარემ განმარტა, არ ვაძლევთ ჩვენებას საკუთარი თავის წინაამღდეგ, დანარჩენი თავად განსაზღვრეთ რას ნიშნავს. ვერაფერს გეტყვით. პოლიტიკურ შეფასებებს მე ვერ გავაკეთებ, აპოლიტიკური ვარ”, – განაცხადა ბუგიანიშვილმა.
პროკურატურამ ამასთან დაკავშირებით, გამოძიება 3 ოქტომბერს დაიწყო. გამოძიების ფარგლებში უკვე გამოიკითხნენ საქმის პროკურორები: ჯარჯი წიკლაური, ზვიად გუბელაძე და ვლადიმერ ვექილიანი. გამოკითხვაზე ასევე დაიბარეს დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატები, თუმცა მათ უწყებას ჩვენებები არ მისცეს, რის შემდეგაც, ისინი მაგისტრი მოსამართლის წინაშე დაკითხვაზე დაიბარეს.
შეგახსენებთ, რომ დეკანოზ გიორგი მამალაძეს პატრიარქის მდივან-რეფერენტი შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მცდელობის ორგანიზებისთვის 9 წლიანი პატიმრობა შეეფარდა.