“შს მინისტრმა გასცა ბრძანება ბექა ხახუბია გაეშვათ კაპეზედან”- ეს სკანდლური განცხადება გადაცემა “რეაქციაში” „სამართალდამცველთა რეფორმირების ცენტრის“ ხელმძღვანელმა ზვიად კუპრავამ გააკეთა. მისი თქმით, გიორგი მღებრიშვილმა გასცა უკანონო ბრძანება, რისთვისაც მან პასუხი უნდა აგოს.
გადაცემა “რეაქციაში” დეპუტატის შვილის, ბექა ხახუბიას დაღუპვის გარემოებებზე საუბარს კამათი მოჰყვა. ბრალდებული პოლიციელბის ადვოკატი აცხადებს, რომ პატრულ ინსპექტპრების სამხრე კამერების ჩანაწერის გასაჯაროება არც ბრალდებულების და არც დაზარალებულის ინტრესებში არ შედის. ამიტომ ამის შესახებ არავინ არაფერს ამბობს. ადვოკატის აზრით, პოლიციელების სამხრე კამერების ჩანაწერების გასაჯაროება, არც გარდაცვლილი ბექა ხახუბიას ოჯახს მოეწონება.
“როგორ აღმოჩნდა დაკავებული ადამიანი სამ საათზე გორის გვირაბთან, ამ კითხვაზე გამეცით პასუხი?”- მიმართა პოლიციელების ადვოკატს ზვიად კუპრავამ
“ბექა ხახუბია იყო დაკავებული და ვინ გააშვებინა?…ვინ დარეკა? კითხეთ, მის მამას, მან ხომ სიმართლე ყველაზეე კარგად იცის,”- უპასუხა ადვოკატმა, რაზევ კუპრავამ განაცხადა, რომ დაკავებული ბექა ხახუბიას გათავისუფლების ბრძანება პირადად შს მინისტრმა გასცა:
“შს მინისტრმა გასცა ბრძანება ბექა ხახუბია გაეშვათ კაპეზედან. ეს არის სიმართლე, რასაც მე აქამდე არ ვლაპარაკობდი იმიტომ, რომ არ მინდოდა ამ თემებზე საუბარი. დიახ, შს მინისტრმა გაათავისუფლებინა კაპეზედან ბექა ხახუბია ღამის 12 საათზე აბსოლუტურად უკანონოდ და ეს მღებრიშვილის შეცდომა კი არ იყო, არამედ დანაშაული, რისთვისაც ჩვენ მის პოლიტიკურ პასუხისმგებლობას ვითხოვდით,”- განაცხადა კუპრავამ.
“დიახ, სამხრე კამერებში ამ ფაქტზე სწორედ გარდაცვლილის ძმა საუბრობს”,-დასძინა ბრალდებული პოლიციელების ადვოკატმა.
შეგახსენებთ, რომ პროკურატურამ გორის გვირაბთან მომხდარი ავარიის დროს დაღუპული ბექა ხახუბიას საქმეზე, საპატრულო პოლიციის შიდა ქართლის სამმართველოს სამ თანამშრომელს ბრალი წარუდგინა.
გამოძიება საპატრულო პოლიციის თანამშრომლებს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე და 116-ე მუხლების დარღვევას ედავება, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას და გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.
სამივე პირი სასამართლოდან 1000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა. მათ პოლიციელის უფლებამოსილება შეუჩერდათ.
17 მაისს, გამთენიისას გორის გვირაბთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ფოთის მაჟორიტარი დეპუტატის ირაკლი ხახუბიას ვაჟი, 21 წლის ბექა ხახუბია დაიღუპა.
გავრცელებული ცნობით, გადაჭარბებული სიჩქარით მოძრავ მანქანას გორის გვირაბთან პოლიციელებმა გზა ტრაილერით ჩაუხერგეს, რის შედეგადაც მძღოლი ტრაილერს შეასკდა და გარდაიცვალა.
აღნიშნულ საქმეზე, შსს-მ შიდა ქართლის საპატრულო პოლიციის რამდენიმე თანამშრომელი სამსახურიდან დაითხოვა.