პოლიტიკურ ცენტრ “გირჩის” წარმომადგენელმა იაგო ხვიჩიამ ტელეკომპანია “პირველის” ეთერში გუშინ, ნუცუბიძის ქუჩაზე მოქალაქის გარდაცვალების ფაქტი შეაფასა. მისი განცხადებით, იმ ადამიანების დადანაშაულება, რომლებიც ამ შემთხვევის დროს თავიანთ მოვალეობას ასრულებდნენ, უსამართლობაა. იაგო ხვიჩიამ ასევე ისაუბრა, რომ საზოგადოებისა და პოლიციელების უმეტესობას პოლიციის დეფინიცია სწორად არ ესმით.
“დღეს საზოგადოების ნაწილი მათ თვლის მკვლელებად, რაც მგონია რომ არის უსამართლობა, რადგან არ გვაქვს არანაირი დოკუმენტაცია, რომელიც გვეუბნება, რომ მკვლელობა იქნა ჩადენილი. ვფიქრობ, რომ საერთოდ არაფერი მოხდებოდა შსს რომ ნორმალურად მოქცეულიყო. იმ ადამიანების დადანაშაულება, რომლებმაც თუნდაც ელემენტალური სამართალდარღვევის გამო დააკავეს და მას დაკავების მომენტში გული გაუსკდა, არის ამორალური საქციელი. ხელზე რომ ხელმბორკილი დაადეს ადამიანს, არ უნდა ჩავთვალოთ, რომ ამის გამო გარდაიცვალა. ეს ადამიანი შეიძლება გარდაცვლილიყო სხვა ნებისმიერი მიზეზითაც. ჩვენ ჯერ არ ვიცით. შსს-მ ამ ფაქტის დაფიქსირებიდან მეორე წუთში დაიწყო ყველაფერი იმისთვის, თითქოს არაფერი მომხდარა. თითქოს ამ ადამიანის ბრალია, რომ გარდაიცვალა, რაც არასწორია. შსს-მ ასეთ დროს უნდა განახორციელოს ჩვეულებრივი მოქმედებები.
სამწუხაროდ, ამ ქვეყანაში პოლიციელების დიდმა ნაწილმა არ იცის რას წარმოადგენს. ჩვენი მოქალაქეების დიდმა ნაწილმა არ იცის რა არის პოლიცია, რა ვალდებულებება აქვს მას. პოლიციელების უდიდესმა ნაწილმა არ იცის ვინ არის მისი ბოსი. პოლიციის უფროსი კი ქართველი ხალხია, რომელიც კონკრეტული სამუშაოების შესასრულებლად დაიქირავა. პოლიცია არის ზუსტად ისეთი მუშა, როგორც, მაგალითად მეეზოვე, რომელიც დილის 6 საათზე ქალაქს გვის. შეხედეთ პოლიციის უფროსებს, მათ წარმოუდგენიათ ქართველი ხალხის უფროსად თავი. მათ გააჩნიათ ერთი მორალი: ძაღლი ძაღლის ტყავს არ დახევს. ეს მორალი საბჭოთა კავშირიდან დღემდე არ შეცვლილა.” – განაცხადა ხვიჩიამ.
შეგახსენებთ, რომ წუხელ, ნუცუბიძის მე-4 პლატოზე ინციდენტი მოხდა. როგორც თვითმხილველები ამბობენ, მამაკაცი იგინებოდა და ორმა პოლიციელმა მისი დაკავება სცადა. მანამდე კონფლიქტი მოხდა მასსა და მის მეზობელს შორის და როგორც ჩანს, დაღუპული მეზობელზე იყო გაღიზიანებული. დაკავებისას, ხელის გადაგრეხვის დროს, მოქალაქე უცებ წაიქცა და რამდენიმე ხანში გარდაიცვალა.