ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარესა და 13 მოსამართლეზე 9 თვეში 1 140 208 ლარის თანამდებობრივი სარგო და დანამატი გაიცა

საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარესა და 13 მოსამართლეზე 2017 წლის პირველი იანვრიდან სექტემბრის ჩათვლით, 1 140 208 ლარის თანამდებობრივი სარგო და დანამატი გაიცა, – საჯარო ინფორმაცია „ინტერპრესნიუსმა“ უზენაესი სასამართლოდან გამოითხოვა.

სასამართლოს ბიუჯეტიდან 129 166 ლარის დანამატი მხოლოდ ერთ თვეში – ივლისში გაიცა. მათ შორის, ხუთმაგი ოდენობის დანამატი – 14 829 ლარი 5–მა მოსამართლემ: ბესარიონ ალავიძემ, ეკატერინე გასიტაშვილმა, პაატა სილაგაძემ, პაატა ქათამაძემ და სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილემ ვასილ როინიშვილმა მიიღეს.

13 959 ლარი – გიორგი შავლიაშვილს, ხოლო 12218 ლარი ზურაბ ძლიერიშვილს აქვს აღებული. ამავე თვეში უზენაესი სასამართლოს წევრმა ნინო ბაქაქურმა 8 456 ლარი მიიღო, 6 218–6 218 ლარი მაია ვაჩაძემ და ნუგზარ სხირტლაძემ, 5 573 ლარი – მზია თოდუამ, ხოლო სასამართლოს თავმჯდომარემ ნინო გვენეტაძემ 3 203 ლარი მიიღო.

აღსანიშნავია, მოსამართლეებს – ბესარიონ ალავიძეს, ეკატერინე გასიტაშვილს, პაატა სილაგაძეს, პაატა ქათამაძეს და სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილეს ვასილ როინიშვილს, ივლისში, განსაკუთრებით დიდი ოდენობის თანამდებობრივი სარგოც აქვთ აღებული. კერძოდ, ბესარიონ ალავიძეს, პაატა ქათამაძეს და ეკატერინე გასიტაშვილს 11 727 –11 727 ლარი, ხოლო პაატა სილაგაძეს – 11 194 ლარი, ვასილ როინიშვილს – 10 431 ლარი. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ამავე მოსამართლეთა ყოველთვიური თანამდებობრივი სარგო 6000 ლარია.

რაც შეეხება სხვა მოსამართლეებს, მათ თანამდებობრივ სარგოსთან (6 000 ლარი) ერთად, ყოველთვიურად დანამატის სახით 2953 ლარი ეძლევათ. თუმცა, გამონაკლისია რამდენიმე მოსამართლე, მათ შორის: ნინო ბაქაქური, მზია თოდუა და ნუგზარ სხირტლაძე. კერძოდ, ბაქაქურმა იანვარში 8 953 ლარის დანამატი, ხოლო მზია თოდუამ იანვარსა და სექტემბერში 3 053 ლარის დანამატი აიღო. ნუგზარ სხირტლაძეს კი, 2017 წლის აპრილში 11 552 ლარის დანამატი და 11 700 ლარის თანამდებობრივი სარგო აქვს მიღებული.

სრულად: “ინტერპრესნიუსი”

იტვირთბა....